გამრეკელ-თორელი ნინო ალექსანდრეს ასული

გამრეკელ-თორელი ნინო ალექსანდრეს ასული (11. I. 1882, ქუთაისი, – 27. III. 1935, თბილისი), პირველი ქართველი რეჟისორი ქალი. დაამთავრა ქუთ. ქალთა გიმნაზია. მოსკ. მცირე თეატრის მსახიობის ე. პოლიანსკაიას დრამ. კურსების დამთავრების შემდეგ 1906–10 მოღვაწეობდა ბაქოს ქართ. დრამ. დასში ჯერ როგორც მსახიობი, შემდეგ როგორც მსახიობი და რეჟისორი. თამაშობდა დრამ. როლებს. 1911–19 რეჟისორად და მსახიობად მუშაობდა თბილ. სახ. სახლში, ქუთ. თეატრში, მოღვაწეობდა რუსულ სცენაზე (მოსკოვში), 1920–24 – თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრში, 1924-იდან – ჭიათურის, ქუთ., ბათ. თეატრებში. დადგმებიდან აღსანიშნავია: „ბატონი და ყმა“ (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით), ა. წერეთლის „თამარ ცბიერი“, „პატარა კახი“, ვ. გუნიას „სიძე-სიმამრი“, გ. სუნდუკიანის „ხათაბალა“, ნ. ნაკაშიძის „კოტეს დანაშაული“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“ და სხვ. შეასრულა როლები: ცირა, პატარა კახი (ა. წერეთლის „თამარ ცბიერი“, „პატარა კახი“), თამრო („ბატონი და ყმა“), ლენა (ე. ფონ ვილდენბრუხის „ქოჩრიანი ტოროლა“) და სხვ.

შ. ცუცქირიძე