გამრეკელი ბორის ალექსანდრეს ძე

გამრეკელი ბორის ალექსანდრეს ძე (2. V. 1900, ზესტაფონი, – 25. XI. 1977, თბილისი), რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი. საქართვ. დამს. არტისტი (1938) და საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1965). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1922-იდან. 1922–33 იყო თბილ., ბათ., სოხ., ფოთისა და ჭიათურის თეატრების მსახიობი და რეჟისორი. შემდეგ რეჟისორად მუშაობდა თბილისში მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში (1933–38), კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში (1939–41) და მუს. კომედიის თეატრში (1944–77). დადგა სპექტაკლები: მოზარდ მაყურებელთა თეატრში – გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის „ნაცარქექია“ (1935), „ლადო კეცხოველი“ (1937), „კაპიტანის ქალიშვილი“ (1937), გ. ბერძენიშვილის „აჭარის მთებში“ (1937) და სხვ.; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში – ვ. სარდუს „მადამ სან-ჟენი“ (1939), ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“ (1940), კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“ (1941); მუს. კომედიის თეატრში – უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ-ალან“, ვ. ცაგარეიშვილის „მზის დაბნელება“, ა. კერესელიძის „სამი პატარძალი“, ი. კალმანის „მარიცა“, გ. ცაბაძის „სიმღერა სიყვარულზე“ და „კურკას ქორწილი“, რ. ლაღიძის „კომბლე“, ს. ცინცაძის „აბლაბუდა“, ნ. გუდიაშვილის „სალხინობელი“, ლ. იაშვილის „ბაბაჯანას ქოშები“, ტ. ბაქრაძის „შაითან ხიხო“ და სხვ. შეასრულა როლები: არმანი (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), ოსმან აღა (ს. მთვარაძის „სურამის ციხე“ დ. ჭონქაძის მიხედვით), არტური (ე. ვოინიჩის „კრაზანა“), არსენა (მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“) და სხვ. ავტორია რამდენიმე პიესისა და ლიბრეტოსი. გ-ის შემოქმედება გამოირჩეოდა მდიდარი რეჟისორული ფანტაზიით, მახვილი სცენური მიგნებით, პროფესიული ოსტატობითა და კულტურით.

ა. გვენცაძე