გამრეკელი დავით ალექსანდრეს ძე

დ. გამრეკელი

გამრეკელი დავით ალექსანდრეს ძე [27. VII (9. VIII). 1911, ჭიათურა, – 29. XII. 1977, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში], მომღერალი (ბარიტონი). საქართვ. სახ. არტისტი (1943), რსფსრ ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1951). 1932 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი, 1935 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ე. ვრონსკის კლასი). იმავე წელს თბილ. ოპერის თეატრის სცენაზე იმღერა ელეცკის პარტია (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“). 1937 ქართ. ლიტ-რისა და ხელოვნ. პირველ დეკადაზე მოსკოვში წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), 1938 გაიმარჯვა ვოკალისტთა პირველ საკავშ. კონკურსზე მოსკოვში, 1944–52 მოსკ. დიდი თეატრის სოლისტი იყო, 1952-იდან გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი. გ. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქართვ. მომღერალია; გამოირჩეოდა იშვიათი სილამაზის ტემბრის ხავერდოვანი ხმით, დიდი სცენური მიმზიდველობით, მუსიკალობით, რამაც სამართლიანად მოუპოვა უდიდესი პოპულარობა მსმენელებში. შესრულებული აქვს 30-მდე საოპერო პარტია, მ. შ. მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), აბდულ არაბი (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), კეცხოველი (გ. კილაძის „ლადო კეცხოველი“), კაკო (ა. ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი“), ევგენი ონეგინი, ელეცკი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“), ჟერმონი და რიგოლეტო (ჯ. ვერდის „ტრავიატა“და „რიგოლეტო“), ფიგარო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), ვალენტინი (შ. გუნოს „ფაუსტი“), ესკამილიო (ჟ. ბიზეს „კარმენი“), სილვიო (რ. ლეონკა ვალოს „ჯამბაზები“) და სხვ. იყო მოსკ. პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვ. პედაგოგი (მოწაფეები: ი. მოროზოვი, ლ. ჯაფარიძე და სხვ.). გადაღებულია ფილმში „ჯურღაის ფარი“ (1944; სსრკ სახელმწ. პრემია, 1950). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, გ-ის ხელოვნება აღბეჭდილია გრამფირფიტებზე.

ლიტ.: მჭედლიძე დ., ქართველ მომღერალთა სამი თაობა, თბ., 1968.

მ. ახმეტელი