გამრეკელი ირაკლი ილიას ძე

ი. გამრეკელი 

გამრეკელი ირაკლი ილიას ძე [5 (17). V. 1894, გორი, – 10. V. 1943, თბილისი], სცენოგრაფი. ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1934). სპეც. სამხატვრო განათლება არ მიუღია. სწავლობდა დონის როსტოვის სამედ. ინ-ტში, 1918-იდან – თსუ-ის სამედ. ფაკ-ტზე. 1922-იდან თბილ. რუსთაველის სახ. თეატრის მთავარი მხატვარი იყო. დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ თეატრის შემოქმედებითი სტილის გამომუშავებაში. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა ს. ახმეტელთან თანამშრომლობის პერიოდში. აქ მან გააფორმა სპექტაკლები: უ. შექსპირის „ჰამლეტი“ (1925), ს. შანშიაშვილის „ანზორი“ (1928), ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ (1930), შ. დადიანის „თეთნულდი“ (1931), ფ. შილერის „ყაჩაღები“ (1933), უ. შექსპირის „ოტელო“ (1937), ნ. პოგოდინის „თოფიანი კაცი“ (1938), ა. კორნეიჩუკის „ბოგდან ხმელნიცკი“ (1940), ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (1940), ვ. დარასელის „კიკვიძე“ (1941), კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“ (1942); თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში – ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1936), ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1938), და სხვ. გ-ის ადრეულ ნამუშევრებში ჭარბობს უკიდურესად პირობითი, ლაკონური, პლასტიკურად ჩამოქნილი მოცულობითი კონსტრუქციები. შემდეგ კონსტრ. ელემენტების შენარჩუნებასთან ერთად შექმნა რომანტ.-მონუმ. ხასიათის კონკრ. არქიტ. ფორმები. ლაკონიური ფერებითა და ხაზებით შესრულებული მისი სივრცითი დეკორაციები ლანდშაფტის რეალურ შთაბეჭდილებას ქმნიდა. სცენის სივრცეში რიტმულად განლაგებული დეკორ. დანადგარები შინაგანი დრამატიზმით აღსავსე მიზანსცენების შექმნას უწყობდა ხელს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ქ. კინწურაშვილი

ირაკლი გამრეკელის ბინა-მუზეუმი, გაიხსნა 1959 საზ. საწყისებზე, დააარსა საქართვ. თეატრ. საზ-ბამ. დაცულია მხატვრის საცხოვრ. ბინის ინტერიერი. ექსპონირებულია მისი 20-იანი წლების მხატვრობა, სათეატრო-დეკორ. ხელოვნების ნიმუშთა ესკიზები და მაკეტები (1922–43), არქივი და ფოტომასალა, მხატვრის კუთვნილი ტილოები: ნ. ფიროსმანის (2 ცალი), ლ. გუდიაშვილის (2 სურათი „მწვანე პერიოდიდან“), ქ. მაღალაშვილის, გ. ბაჟბეუქ-მელიქოვის, უ. ჯაფარიძის სურათები, ჰოლანდიური და ვენეციური მხატვრობის ნიმუშები. აქვეა ექსპონირებული დეკაბრისტ ნ. მურავიოვის ოჯახის რელიკვიები (ი. გამრეკელის მეუღლე ელენე ვაჩნაძე ნ. მურავიოვის ძმის მიხეილის შვილთაშვილია).

ბინა-მუზეუმი განლაგებულია ზუბალაშვილების ყოფილ სახლში (პ. ინგოროყვას ქუჩაზე).

ლ. გამრეკელი

ლიტ.: ირაკლი გამრეკელი. კრებული, თბ., 1958; კუხიანიძე ც., ირაკლი გამრეკელი, თბ., 1988; ლომთათიძე ლ., ირაკლი გამრეკელი. [ალბომი], თბ., 1984; შვანგირაძე ნ., ირაკლი გამრეკელი, თბ., 1968.