გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძე

ზ. გამსახურდია

გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძე (31. III. 1939, თბილისი, – 30. XII. 1993, სოფ. ძვ. ხიბულა, ხობის მუნიციპალიტეტი), საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1973-იდან), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1991 მიანიჭა შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინ-ტის სამეცნ. საბჭომ დისერტაციის დაუცველად). მწერალ გამსახურდია კონსტანტინე|კ. გამსახურდიას შვილი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1962). 1975–86 იქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას. 1976–91 ქართული ლიტ-რის ინ-ტის რუსთველოლოგიის განყ-ბის უფროსი მეცნ. თანამშრომელი. -ს სამეცნ. ინტერესთა სფერო მოიცავს რუსთველოლოგიის, ესთეტიკის, კულტ. ისტორიის, საზღვარგარეთის ლიტ-რისა და სხვა პრობლემებს. თხზულებები: „იგავები და ზღაპრები“ (1987), ლექსების კრებული „მთვარის ნიშნობა“ (1989), „საქართველოს სულიერი მისია“ (1990), „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“ (1991) და სხვ. -მ თარგმნა ო. უაილდის, უ. უიტმენის, შ. ბოდლერისა და სხვათა ნაწარმოებები.

გ. ქართ. ეროვნ. მოძრაობის ცნობილი მოღვაწე იყო. ხელმძღვანელობდა დისიდენტურ გამოცემებს, რამდენჯერმე იყო რეპრესირებული. მრავალპარტიულ არჩევნებში -ს ბლოკის გამარჯვების შემდეგ, 1990 ნოემბრიდან იგი საქართვ. უზენაესი საბჭოს თავ-რეა, ხოლო 1991 მაისიდან – საქართვ. რესპ. პრეზიდენტი. -სა და უზენაესი საბჭოს უმრავლესობის საქმიანობამ, მათ მიერ არჩეულმა სახელმწიფოებრივი და ეკონ. მშენებლობის კურსმა მალე გამოიწვია ოპოზიციის გააქტიურება; 1991 დეკემბერში თბილისში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. 1992 იანვარში შეწყდა პრეზიდენტის ინ-ტისა და უზენაესი საბჭოს ფუნქციონირება.

-მ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ თავი შეაფარეს გროზნოს (ჩაჩნეთი). 1993 სექტემბერში დას. საქართველოში ჩამოსულმა -მ სცადა ხელისუფლების დაბრუნება. ეს მცდელობა მარცხით დასრულდა.

გ. 1994 წ. 24 თებერვალს დაიკრძალა გროზნოში. 2007 მისი ნეშთი გადმოასვენეს საქართველოში და 1 აპრილს დაიკრძალა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

თხზ.: XX საუკუნის ამერიკული პოეზია, თბ., 1972; ლიტერატურული წერილები, თბ., 1976; ვეფხისტყაოსანი ინგლისურ ენაზე, თბ., 1984;  წერილები, ესეები, თბ., 1991; ლექსები, იგავები და ზღაპრები, თბ., 2007; კოსმიური წირვა, ქუთ., 2014.

ლიტ.: გამსახურდია კ., სამ­შობ­ლო­სა და ერი-სა­ხელ­მწი­ფოს­თვის - ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი, თბ., 2023; ვაწაძე მ., ზვიად გამსახურდიას მეწამეობრივი სიკვდილი, თბ., 2014; ზვიად გამსახურდია: პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა: კონფერენციის მასალები, თბ., 2020; ზვიად გამსახურდია 80, თბ., 2019; ზვიად გამსახურდია - 79 ამბავი, თბ., 2018; კვესელავა ი., ზვიად გამსახურდია დისიდენტი, პრეზიდენტი, მოწამე, თბ., 2007 [2008]; ნიჟარაძე ე., ზვიად გამსახურდია., თბ., 2016;  ღლონტი ს., ზვიად გამსახურდიას ქრისტიანული მრწამსი (ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე), თბ., 2007; შარაძე გ., ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება, თბ.,1995; ჩხეიძე რ., თუ საწუთრომან დამამხოს: ზვიად გამსახურდიას ბედისწერა: ისტორიული ცდა, თბ., 1998.