გამყინვარება

გამყინვარება, 1. დედამიწაზე არსებული ყინულისა და თოვლის საფრის ერთობლიობა; 2. მყინვარების წარმოქმნა, მათი დინამიკა, ლითოსფეროსა და ჰიდროსფეროს მნიშვნელოვანი ფართობების მყინვარებით ან მყინვარული ზეწრებით დაფარვა; 3. დედამიწის გეოლ. ისტ. გარკვეული ეტაპები.

გ. რიტმული მოვლენაა და დაკავშირებულია ჰავის გლობალურ ცვალებადობასთან, რაც დედამიწის ორბიტის პარამეტრების პერიოდული (დაახლ. 100 ათ. წ ციკლით) ცვალებადობით და მზის რადიაციის ინტენსივობის მერყეობით არის გამოწვეული. გ-ის ფართობის მნიშვნელოვანი ზრდის დროის მონაკვეთებს მყინვარული პერიოდები (ეპოქები), გ-ის პერიოდები (ეპოქები) ეწოდება. გეოლ. ისტ. განმავლობაში დედამიწას არაერთხელ განუცდია გ. ყველაზე კარგად შესწავლილია უკანასკნელი პერიოდის გ. (პერიოდის ხანგრძლივობა 1,6–1,8 მლნ. წელი). გ-ის ეპოქებს ენაცვლებოდა გამყინვარებათშორისი ეპოქები (ინტერგლაციალი), რ-ის დროსაც მყინვარები უკან იხევდნენ ან სრულ დეგრადაციას განიცდიდნენ. ამ დროს ჰავა თანამედროვეს უახლოვდებოდა ან უფრო თბილი იყო. აღინიშნებოდა ხანმოკლე დათბობის დროის მონაკვეთები (ინტერსტადიალი). დღეს ჩვენ გამყინვარებათშორის ეპოქაში ვცხოვრობთ.

მაღალმთიან ნაოჭა სისტემებში, მ. შ. კავკასიონზე, მყინვარები ძირითადად ძვ. ეროზიულ ხეობებს ავსებდნენ. აზევების შედეგად კავკასიონმა ქიონოსფეროს (ტროპოსფეროს ფენა) უკვე ადრინდ. პლიოცენში მიაღწია, რის შედეგადაც მასზე უნდა გაჩენილიყო პირველი მყინვარები. მას შემდეგ კავკასიონი მუდმივ აზევებას განიცდის და ინტენს. დენუდაციის მიუხედავად ქიონოსფეროს მოქმედების არეში რჩება. ჰავის საერთო აცივების დროს მყინვარების მოცულობა მატულობდა და მისი მოჭარბებული მასა გადაადგილდებოდა ხეობების გასწვრივ შედარებით დაბალ ადგილებში. გამყინვარებათშორის ეპოქებში მყინვარები უკან იხევდნენ, მაგრამ ვაკე ადგილებისგან განსხვავებით, მთლიანად არ ქრებოდნენ. კავკასიონის და მცირე კავკასიონის ქედებზე, ვულკ. მასივებზე ცნობილია შუა და გვიანდ. მეოთხეული გ-ის პალეოგლაციალური რელიეფის ფორმები და ნალექები. ადრინდ. მეოთხეული და ეოპლეისტოცენური გ-ის ნიშნები ფიქსირებულია კავკასიონის ჩრდ. კალთაზე.

გ. მაისურაძე