გამყრელიძე გიორგი მიხეილის ძე

გამყრელიძე გიორგი (გუგული) მიხეილის ძე (4. XI. 1903, სოფ. ზოდი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 19. V. 1975, მიუნხენი), პოეტი. მამა ჭიათურაში შავი ქვის მრეწველი იყო. ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. გ. სწავლობდა ქუთ. სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რ-ის დირექტორი იყო იოსებ ოცხელი (მასთან ერთად სწავლობდნენ ს. ჩიქოვანი, ა. ბელიაშვილი, ბ. ჟღენტი, ნ. ჩაჩავა და სხვ.). გიმნაზიაში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნ. „ბაღდადის წეროები“. 1922 გრიგოლ ზოდელის ფსევდონიმთ გამოსცა ლექსების კრებ. „დალურსმული ხელები“. ახლო მეგობრობა აკავშირებდა ტ. ტაბიძესთან, პ. იაშვილთან და სხვა „ცისფერყანწელებთან“. ლექსებს ბეჭდავდა ჟურნ. „მეოცნებე ნიამორებში“. 1923 გ. სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა გერმანიაში, ქ. კეთენის საინჟ. ინ-ტში შევიდა სამთო-საინჟინრო ფაკ-ტზე, რ-ის დამთავრების (1927) შემდეგ ცხოვრობდა ქ. მიუნხენში. იქ ცოლად შეირთო გერმანელი ქალი. 1937 სამუშაოდ წავიდა ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო 1941 საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში, ტეხასის შტატის ქ. დალასში, 1957-იდან – ვაშინგტონში. აქ დაიცვა ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობაში და მუშაობდა ვაშინგტონის ბ-კაში აღმოსავლური მხატვრული ლიტ-რის განყ-ბაში, აგრეთვე რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ქართ. განყ-ბაში, სადაც უმთავრესად ქართ. ლიტ-რის საკითხებზე გადასცემდა საუბრებს. მეგობრობდა და მიმოწერა ჰქონდა გრიგოლ რობაქიძესთან, მიხაკო წერეთელთან, კიტა ჩხენკელთან, გიორგი ყიფიანთან, ვიქტორ ნოზაძესთან, ნინო და კალისტრატე სალიებთან და სხვ. 1972 გ. მეუღელსთან ერთად დაბრუნდა ევროპაში და დასახლდა მიუნხენში. გ. დახვეწილი გემოვნების მწერალი იყო, იცოდა რამდენიმე უცხო ენა. უცხოეთში არაერთი პოეტური კრებული გამოსცა, მ. შ. „ლურჯი მონოკლი“ (პარიზი, 1932), „გვიანი რთველი“ (სანტიაგო-დე-ჩილე, 1960), „ლექსები, მოთხრობები, თარგმანები“ (ვაშინგტონი, 1963). მის ლექსებს მაღალი შეფასება მისცა გრიგოლ რობაქიძემ, ხოლო ზოგიერთი მათგანი „საუკეთესო შაირებად“ მიიჩნია („ძველი სიღერა“, „საჩხერის ღამე“, „ოცნება რთველზე“, „თამარის დროშა“, „გასვენება შემოდგომით“, „პაოლო იაშვილის სახსოვრად“, „დაბრუნება დილით“).

გ-ს ეკუთვნის იგავურ-ალეგორიული ხასიათის პატარა მოთხრობები („ალკუნი და შაკი“, „ცბიერი ჭინჭრაქა“, „ტყისა და მინდვრის გმირები“). აქვს აგრეთვე ორნითოლოგიური გამოკვლევა (ნარკვევები ფრინველებზე). აღსანიშნავია მისი კრიტიკული ხასიათის წერილები ვეფხისტყაოსანზე (1957), თეორიული ხასიათის ნაშრომი «თარგმნის პრობლემები და სიძნელეები იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტში“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“» (1966). საყურადღებოა მისი თარგმანები (ი. ვ. გოეთეს „ფაუსტი“, ე. პოს „ყორანი“, რ. ფროსტი „შეჩერება ტყეში თოვლიან საღამოთი“ „სილის ბორცვები“, პ. ვერლენის „დაისი“, ა. რემბოს „ძველი კარადა“, შ. ბოდლერის „შემოდგომის სიმღერა“, ჰ. ჰაინეს „ლორეალი“, ფ. შილერის „ხელთათმანი“, ჰ. ჰესეს „ჯუჯა“ და სხვ.).

გ-ის ნაწარმოებები დაბეჭდილია აშშ-ისა და დას. ევროპაში გამოცემულ სხვადასხვა ქართ. ჟურნალ-გაზეთში („კრებული“, „კავკასიონი“, „ქართველი ერი“, „ბედი ქართლისა“, „ქართული აზრი“ და სხვ).

ლიტ.: შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 1, თბ., 1991, გვ. 268–279.

გ. შარაძე