გამყრელიძე შოთა აკაკის ძე

გამყრელიძე შოთა აკაკის ძე (28. II. 1922, ჭიათურა, – 28. VIII. 2015, თბილისი), ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1989), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1996), საქართვ. დამს. ექიმი (1967). ჭიათურის საპატიო მოქალაქე (1981). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1942–44 მოქმედ არმიაში იყო უმცროს მეთაურად. 1947 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1952–54 მუშაობდა სოხუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად. 1954–59 იყო რესპ. ფსიქიატრიული საავადმყოფოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყ-ბის გამგე, 1959–73 – იმავე საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 1973–2000 იყო მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ. კვლ. ინ-ტში, მის მიერვე დაარსებული ფსიქო-ფარმაკოთერაპიის განყ-ბის გამგე. 2000–11– კლინიკური განყ-ბის ხელმძღვანელი. 2011–2015 იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პროფესორ-კონსულტანტი. 1988–2000 იყო ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, მისი ინიციატივით მადრიდში, ფსიქიატრთა X კონგრესზე საქართველო მიღებულ იქნა ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაცის წევრად. შეისწავლიდა ფსიქოზთა ეტიოპათოგენეზის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. მ. შ. ღირსების ორდენი (1998), საბრძოლო ჯილდოები.

თხზ.: ალკოჰოლის მოქმედება ნერვულ სისტემაზე, თბ., 1961; ფსიქონერვულ დაავადებათა მკურნალობა თანამედროვე ფსიქოფარმაკოლოგიური მეთოდებით, თბ., 1968; შიზოფრენიის მკურნალობა გახანგრძლივებული მოქმედების ფსიქოტროპული პრეპარატებით, თბ., 1985.