განთიადი

განთიადი, დაბა (1966-იდან) გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), შავიზღვისპირა დაბლობზე, საავტ. გზატკეცილზე. რკინიგზის სადგური. დაბის ცენტრი. ზ. დ. 40 მ, გაგრიდან 22 კმ.

გ. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია; იცის რბილი, უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 5,6ºC) და ძლიერ თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 21,8ºC). ნალექები 1550 მმ წელიწადში; მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში. წყლის ტემპ-რა ზაფხულში 22–25ºC. სამკურნ. ფაქტორია ზღვის ჰავა (აეროჰელიოთერაპია). სამედ. ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოების არატუბერკულიოზური დაავადებები. სეზონი – მთელი წელი.

დაბის ადგილას ადრე სოფ. ცანდრიფში იყო. 1867 პილენკოვო ეწოდა, 1948 – განთიადი. შემორჩენილია VI ს. I ნახ. ორიგინ. სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რ-ის შუა ნავი სიგანით ბევრად აღემატება გვერდით ნავებს. სამივე ნავი აღმ-ით აფსიდებით მთავრდება. შუა ნავის აფსიდი გარედან ხუთწახნაგაა, გვერდითებისა – ნახევარწრიული. შიგნით შუა ნავი გვერდითებს უკავშირდება გეგმით ოთხკუთხა ბოძებზე ამოყვანილი ხუთ-ხუთი თაღით. გვერდის ნავების აღმ. მონაკვეთები საგრძნობლად განიერია. ჩრდ. ნავის აფსიდში ემბაზი ყოფილა გამართული. გვერდის ნავების აფსიდებში თითო-თითო სარკმელია, შუა ნავისაში კი – სამი. ეკლესიას დანარჩენი სამი მხრიდან კედლებში კიდევ სამ-სამი სარკმელი ჰქონდა დატანებული; შესასვლელიც სამი მხრიდანაა. დას. მხარეს მთელ სიგანეზე ჰქონდა მინაშენი, რ-ის დანგრევის შემდეგ შუაში მცირე ზომის კარიბჭე გაუმართავთ. ბაზილიკის სამივე ნავი გადახურული იყო კამარებით,რ-ებიც ადრევე ჩამონგრეულა. აღდგენისას (დაახლ. IX – X სს.) ცენტრ. კამარის დასაყრდნობად გვერდის კედლებისათვის პილასტრები აუყოლებიათ. ბაზილიკის თავდაპირველი კედლები იშვიათი ოსტატობითაა ნაგები საშ. ზომის თლილი ქვით, გადაკეთების დროინდელი ქვები უფრო პატარაა. გ-ის ბაზილიკა, ისევე როგორც აღმ. შავიზღვისპირეთის სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლები, სამშენებლო პროგრამითა და სპეციფიკით დაფუძნებულია ქართ. ხუროთმოძღვრების სამშენებლო ტრადიციებზე.

გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ვ. ჯაოშვილი

გ. უშვერიძე

პ. ზაქარაია