დობილნი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რწმენით, ჯვარ-ხატის დამხმარე ზებუნებრივი არსებანი, რ-თაც ღვთაება შემცოდეთა დასასჯელად იყენებდა. წარმოდგენილი ჰყავდათ პატარა ბავშვების სახით, რ-ნიც უთვალავი რაოდენობით დილის მზის სხივებს მოჰყვებოდნენ და სოფელს მოეფინებოდნენ, საღამოს კი ჩამავალ მზის სხივებთან ერთად გაიკრიფებოდნენ.
გადმოცემით, ალმაცერი სხივებით განათებულ ადგილებში საშიში იყო ქალებისა და ბავშვების სიარული. დ. მათ აავადებდნენ, მამაკაცებს კი, რადგან მათ ძლიერი ანგელოზი მფარველობდა, ვერ ერეოდნენ. ჯვარ-ხატების მიდამოებში აგებული იყო მათი სახელობის ნიშები, ე. წ. „დობილთ კოშკები", სადაც სრულდებოდა ლოცვა და შეწირვა – „აშალის" (პატარა ზომის თხელი მრგვალი პურის კვერები) გადაყრა ბავშვებისათვის.
ავადმყოფობის გართულების შემთხვევაში მათ თიკანსაც სწირავდნენ. ვ. ბარდაველიძის შეხედულებით, ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში დ. დღის მნათობის სხივებს განასახიერებდნენ.
ლიტ.: ო ჩ ი ა უ რ ი ა., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, თბ., 1988; Б а р д а в е л и д з е В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племён, Тб., 1957.
თ. ოჩიაური