განქორწინება

განქორწინება, მეუღლეთა სიცოცხლეში ქორწინების შეწყვეტა კანონით დადგენილი წესით, ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე. გ-ის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართვ. რესპ. საქორწინო და საოჯახო კოდექსი. გ-ის მოთხოვნის უფლება არ არის შეზღუდული რაიმე ვადით. ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე გ-ის თაობაზე. გ. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ცოლ-ქმრის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. გ-ის საქმის გადაწყვეტასთან ერთად სასამართლო, თუ ცოლ-ქმარი ვერ შეთანხმებულა ამ საკითხზე, დაადგენს შვილის ამა თუ იმ მშობელთან დარჩენის, ალიმენტის გადახდისა თუ მეუღლეთა ქონების გაყოფის საკითხებს. ზოგ შემთხვევაში გ-ის დროს წყდება მეუღლის გვარის საკითხიც.

გ. მნიშვნელოვნადაა გამარტივებული, თუ იგი იმ მეუღლეთა ურთიერთთანხმობით ხდება, რ-თაც არასრულწლოვანი შვილები არა ჰყავთ. ასეთ შემთხვევაში გ. შეიძლება უშუალოდ მმაჩის ორგანოში, რ-იც სათანადო მოწმობას გასცემს განცხადების მიღების დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. მმაჩის ორგანოშივე შეიძლება გ. იმ პირთან, რ-იც კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უკვალოდ დაკარგულად ან არაქმედუნარიანად სულით ავადმყოფობისა თუ ჭკუასუსტობის გამო, აგრეთვე იმ პირთან, რ-საც დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა სულ მცირე 3 წლით.

ტერმ. „გ.“ ძვ. საქართველოში გათხოვებას ნიშნავდა, ცოლ-ქმრის გაყრის მნიშვნელობა მას ახ. ქართულ სალიტ. ენაში მიეცა. ქართული ფეოდ. სამართ. მიხედვით ცოლ-ქმრის გაყრა გამონაკლის შემთხვევაში იყო დასაშვები. გ-ის საკმაო საფუძვლად ითვლეობდა ცოლის მრუშობა, ქმრის ცვედანობა (სქესობრივი უძლურება) და სხვ.