განწყობის ფსიქოლოგია

განწყობის ფსიქოლოგია, მიმართულება ფსიქოლოგიაში, რ-იც ჩამოყალიბდა უზნაძე დიმიტრი|დ. უზნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე. იგი შეისწავლის განწყობის აღმოცენების, მოქმედებისა და შეცვლის კანონზომიერებებს, რათა ახსნას და გასაგები გახადოს ადამიანის მიზანშეწონილი და მიზანმიმართული საქმიანობა. გ. ფ-ის ჩამოყალიბებას თავისი წინაისტორია აქვს. მისი აღმოცენება განაპირობა მრავალმა უჩვეულო ფაქტმა, რ-ებიც ადამიანის ქცევის პროცესში ვლინდება. ექსპერ. კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანი მომზადებულია არა გამღიზიანებელთა სწრაფი აღქმისათვის, არამედ მათს ზემოქმედებაზე სწრაფი რეაქციისათვის, მაშინ ასეთი მოტორული განწყობის გავლენით მისი რეაქციის დრო საგრძნობლად მცირდება. დადგინდა ისიც, რომ ადამიანებს დიდი საგნები უფრო მძიმედ ეჩვენებათ, ვიდრე იმავე მასის პატარა საგნები, რაც შარპანტიეს ილუზიის სახელით არის ცნობილი. ეს და სხვა მოვლენა შესაძლებელი გახდა განწყობის ეფექტების სახით ყოფილიყო განხილული. აღმოჩნდა, რომ განწყობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეული ორგანოების მოქმედებაზე, არამედ ისეთ რთულ ფსიქ. პროცესებზე, როგორიცაა აზროვნება, მეხსიერება, ემოცია და ნებელობა (ო. კიულპე, ნ. ახი).

შემდგომ, ფროიდი ზიგმუნდ|ზ. ფროიდის გავლენით, გ. ფ-ის შესწავლის საგნად იქცა ადამიანის ფსიქ. აქტივობის ზოგიერთი ასპექტი. ფროიდის მიმდევარმა ფსიქოანალიტიკოსებმა უჩვენეს, რომ ცნობიერებიდან განდევნილი სურვილები და მოთხოვნილებები ადამიანს ხშირად განაწყობს გარკვეული მიმართულებით მოქმედებისთვის. ჩვენი საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული სოც. ფსიქოლოგიის გავლენით გ. ფ-ის სფეროში აქტუალური გახდა სოც. ღირებულების მიმართ ადამიანის დამოკიდებულებისა და განწყობის კვლევის პრობლემები (უ. ტომასი და ფ. ზნანიეცკი, გ. ოლპორტი, ფ. ოლპორტი, კ. ჰოვლენდი, მ. შერიფი, ლ. ფესტინჯერი).

დ. უზნაძემ თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევების საფუძველზე ნათელი გახადა, რომ განწყობის ძირითადი თავისებურებანი და ფსიქოლ. ბუნება შეუძლებელია გაგებულ იქნეს, თუ იგი განხილული იქნება არა ადამიანის ქცევასთან, არამედ მხოლოდ კერძო, ცალკეულ ფსიქ. პროცესებთან ურთიერთობაში. დ. უზნაძემ დაიწყო განწყობის ზოგადფსიქოლ. თეორიის შექმნა, რ-ის შესწავლის საგანი იქნებოდა საერთოდ ინდივიდის ფსიქ. აქტივობის ბუნება. მან ამ ამოცანის შესრულების დროს უჩვენა, რომ განწყობის ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ყოველი გრძნობის ორგანოს მოქმედებაში და ადამიანის ფსიქ. აქტივობის ყოველ დონეზე. ამასთან, დადგინდა, რომ ადამიანი ყოველი ქცევის წინ შინაგანად, ფსიქიკურად ემზადება, განეწყობა ამ ქცევისათვის. მაგრამ, რადგან ეს მზადება ხშირად გაუცნობიერებელია, ამიტომ გაძნელებულია მისი შესწავლა. შეიმუშავა აგრეთვე განწყობის კვლევის მეთოდი, რითაც გამოვლენილ ფაქტს პიაჟე ჟან|ჟ. პიაჟემ „უზნაძის ეფექტი“ უწოდა. ეს მეთოდი ჩვენში ფიქსირებული განწყობის კვლევის მეთოდის სახელითაა ცნობილი. ამ მეთოდით კვლევის საფუძველზე აღმოცენდა გ. ფ.

გ. ფ-ში, უპირველეს ყოვლისა, დადგინდა, რომ განწყობა მთლიანინდივიდ. ბუნების მოვლენაა. ქცევის განწყობა გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობის ორგანოების მოქმედებაზე, ცნობიერებასა და ქცევაზე. ერთ მოდალობაში (მაგ., მხედველობის სფეროში) შემუშავებული განწყობა გადადის მეორე მოდალობაში, ხდება განწყობის ტრანსპოზიცია მოდალობებს შორის. ასევე საგნების ერთი კლასის მიმართ შემუშავებული განწყობა გადადის საგნების სხვა კლასზე, ე. ი. ადგილი აქვს განწყობის გენერალიზაციას (ა. ბოჭორიშვილი, ბ. ხაჭაპურიძე, ვ. ნორაკიძე, ი. ბჟალავა, ზ. ხოჯავა). დადგინდა აგრეთვე, რომ ჰიპნოზში შემუშავებული განწყობა თავს იჩენს ცდის პირის ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნებისას, როდესაც მას არაფერი ახსოვს ჰიპნოზის სიტუაციიდან. მაშასადამე, განწყობის წარმოშობისა და მოქმედების პროცესი არ ცნობიერდება, განწყობა არაცნობიერი ფენომენია.

გ. ფ-ში ექსპერიმენტულად დამუშავდა ფსიქიკის სხვადასხვა სფეროში განწყობის გამოვლენის თავისებურებები. ამ გზით შეიქმნა განწყობის ზოგადი ფსიქოლოგია, დიფერენციალური ფსიქოლოგია და პათოფსიქოლოგია.

განწყობის ზოგად ფსიქოლოგიაში დადგინდა, რომ ადამიანის ქცევის საფუძვლად განწყობა იქმნება ინდივიდის ქცევის გამომწვევი შინაგანი და გარეგანი ფაქტორების მოქმედებით. ამ დროს ქცევის განწყობაში აისახება ინდივიდის მოთხოვნილებები, მისი ქცევის გარემო და აქტიურდება ის ფსიქიკური და ფიზიკური ძალები, რ-თა დახმარებითაც ქცევა უნდა განხორციელდეს (შ. ნადირაშვილი, შ. ჩხარტიშვილი). განწყობის საფუძველზე, ინდივიდის ქცევა ჩვეულებრივ მიზანშეწონილია. იგი ინდივიდს შესაძლებლობას აძლევს დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები. განწყობის ზოგად ფსიქოლოგიაში დადგინდა ისიც, რომ როდესაც განწყობა ვერ უზრუნველყოფს მიზანშეწონილ ქცევას, ადამიანს, როგორც სუბიექტს, შეუძლია შეაჩეროს ასეთი ქცევა, ობიექტივაცია მოახდინოს შექმნილი ვითარებისა, გააცნობიეროს იგი და გაითვალისწინოს ის, რაც მის განწყობაში საკმარისად არ იყო ასახული. ადამიანის ცნობიერი პროცესები სინამდვილის უკეთესად, ღრმად ასახვასა და გააზრებას ემსახურება. ობიექტივაციის დონეზე შემუშავებული განწყობის საფუძველზე ადამიანი შეგნებულად საქმიანობს. განწყობის ზოგად ფსიქოლოგიაში შესწავლილ იქნა განწყობის ფიქსირებისა და შეცვლის კანონზომიერებები. ამ შემთხვევაში არსებითია სინამდვილის ასიმილაციური და კონტრასტულ-ილუზორული განცდები (შ. ნადირაშვილი).

განწყობის დიფერენც. ფსიქოლოგიის სფეროში შესწავლილია განწყობის მოქმედების ის სპეციფ. თავისებურებანი, რ-ებიც ახასიათებს ადამიანებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან განწყობის გამოწვევის სიადვილით, განწყობის ირადიაციით, ადვილად ჩაქრობით, ერთი განწყობიდან მეორეზე გადასვლის პლასტიკურობით, განწყობის სტატიკურობით და სხვა.

განწყობის თვისებების საფუძველზე უზნაძემ გამოყო პიროვნების 5 ტიპი. თითოეული მათგანი აქტივობის თავისებური სტილით ხასიათდება. შემდგომში ინტენსიურად შეისწავლეს პიროვნების სამი ტიპი: სტატ., დინამ. და ვარიაბელური ტიპები, რ-ებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შრომის, შემოქმედების, მომსახურებისა და ქცევის სხვა ფორმათა განხორციელების დროს (ვ. ნორაკიძე).

განწყობის პათოფსიქოლოგიაში დადგენილია, რომ ფსიქ. დაავადებების დროს ადამიანის განწყობის მოქმედება სპეციფ. ცვლილებებით ხასიათდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ამ დროს ღრმა პიროვნული ცვლილებები ხდება და ეს ცვლილებები განწყობის მოქმედებაშია გამოხატული (ი. ბჟალავა, მ. საყვარელიძე). ჩატარდა ინტენსიური კვლევა გ. ფ-ის თვალსაზრისით ფსიქოსომატური დაავადებების თავისებურებათა შესასწავლად.

გ. ფ-ის მონაცემებს ფართოდ იყენებენ სოც., შრომის, პედ. და სამედ. ფსიქოლოგიაში. ამ დარგებში მოპოვებულ შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის დროს.

ლიტ.: ბჟალავა ი., ფიქსირებული განწყობის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ისტერიისა და ეპილეფსიის გამიჯვნისათვის, «ფსიქოლოგიის ინ-ტის შრომები», 1944, ტ. 3; ნადირაშვილი შ., განწყობის ფსიქოლოგია, ტ.1–2, თბ., 1983–85; ნათაძე რ., წარმოსახვის განმაწყობელი მოქმედება, თბ., 1958; ნორაკიძე ვ., ხასიათის კვლევის მეთოდები, თბ., 1979; უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, თბ., 1940; მისივე, განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, «ფსიქოლოგიის ინ-ტის შრომები», 1949, ტ. 6; მისივე, შრომები, ტ. 1–9, თბ., 1956–86; ფრანგიშვილი ა., ფსიქოლოგიური ნარკვევები, თბ., 1987; ჩხარტიშვილი შ., განწყობა და ცნობიერება, თბ., 1975; Хачапуридзе б. И., Проблемы и закономерности действия фиксированной установки, ч. 1, Тб., 1974; ч. 2, Тб., 1962; Ходжава З. И., Проблема навыка в психологии, Тб., 1960.

ი. იმედაძე

შ. ნადირაშვილი