განჯის ბრძოლა 1752

განჯის ბრძოლა 1752, ქართლისა და კახეთის მეფეების თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ბრძოლა ნუხის ხანის აჯი-ჩალაბის წინააღმდეგ 28 მარტს ქ. განჯის (ახლანდ. აზერბაიჯანი) ახლოს. აჯი-ჩალაბის დამპყრობლური პოლიტიკით შევიწროებულმა განჯის, ყარაბაღისა და ყარადაღის ხანებმა დახმარებისათვის მიმართეს ქართველ მეფეებს. ნუხაზე სალაშქროდ მიმავალ ქართველებს გზაში შეუერთდა ბორჩალოელთა, დაღესტნელთა, ყაზახელთა, ერევნელთა, განჯელთა და ყარადაღელთა ლაშქარი. გაერთ. ლაშქარი წყალდიდობის გამო მდ. ალაზანზე ვერ გადავიდა და ლაშქრობა ჩაიშალა. ამასობაში ხანებმა ქართველ მეფეებს უღალატეს. თეიმურაზ II-მ ისინი დაატყვევა და განჯისაკენ დაიძრა, რომ იქ თავისი კაცი დაესვა. განჯელებმა ციხის კარი დაკეტეს და დახმარებისათვის აჯი-ჩალაბს მიმართეს. ბრძოლა, რ-იც განჯის ახლოს გაიმართა, დილიდან საღამომდე გაგრძელდა და ქართველთა ლაშქრის დამარცხებით დამთავრდა.

წყარო: ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854; [ხერხეულიძე ო.] ომან მდივანბეგი, მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა, იქვე; ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 3, თბ., 1967.

ლიტ.: კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია (1500–1810), ტფ., 1922; ქიქოძე გ., ერეკლე მეორე, თბ., 1958; Бутков П. Г., Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год, ч. 1, СПб., 1869.

დ. მეგრელაძე