„განჯისკარი“

„განჯისკარი“, IX–XIII სს. არქეოლოგიური ძეგლი ძვ. თბილისის გალავანთან, დღევანდელი ბალნეოლოგიური კურორტისა და სამასი არაგველის სახ. პარკის მიდამოებში. გათხრები მიმდინარეობდა 1948–49 (გ. ლომთათიძე, ო. ჯაფარიძე). აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი (გეგმით მსხლისებრი ფორმის) 5 ქურა და მათთან დაკავშირებული თიხის ნივთები: გამოსაწვავი ნივთების ჩამოსაკიდებელი სოლები და კავები, ჯამებს შორის დასაწყობი სამფეხები, აგრეთვე მრავალრიცხოვანი გადანაყარი და წუნი. სახელოსნოში უმთავრესად მოჭიქულ კერამიკას ამზადებდნენ (დოქები, ფრინველთა გამოსახულებითა და მცენარეული ორნამენტით შემკული მოჭიქული ჯამები და სხვ.). ჭურლის შემკობის ხერხებიდან აღსანიშნავია ჭიქურქვეშა მოხატვა ერთი ან სხვადასხვა ფერის საღებავით, გეომ. და მცენარეული ორნამენტების ამოკაწვრა, სახეების გამოსახატავად ჭიქურის ჩამოღვენთა და სხვ. ნაწარმის ზედაპირს წინასწარ ფარავდნენ თეთრი ან მოვარდისფრო ანგობით.

აღმოჩენილი მონეტების მიხედვით, სახელოსნო უბანი დანგრეული უნდა იყოს XIII ს. 30-იან წლებში.

ლიტ.: ლომთათიძე გ., არქეოლოგიური გათხრა თბილისში 1948 წ. ზამთარში, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1; ჯაფარიძე ო., „განჯისკარის“ 1948 წლის არქეოლოგიური გათხრის ანგარიში, იქვე.

ლ. ჭილაშვილი