გაპარსვა

გაპარსვა, გაკრეჭა (სამართ. ისტორია), გამაწბილებელი სასჯელის ერთ-ერთი სახე ძველ საქართველოში – თავის გადაპარსვა, წვერ-ულვაშის ან საფეთქლების მოპარსვა; ქალისათვის ნაწნავის შეჭრა. კანონმდებლობაში ჩვეულებითი სამართლიდანაა შესული. ცნობილია ჯერ კიდევ ბაბილონური კანონებიდან. ინგლისში ნორმანების დაპყრობამდე სასჯელადაც ითვლებოდა და მონობის ნიშნადაც. რუსეთსა და გერმანიაში მრუშობაში მხილებულ ქალებს გამაწბილებელ სასჯელად ნაწნავს სჭრიდნენ. გ. ბიზანტიურ სამართალშიც გვხვდება. იგი იხსენიება აგრეთვე გიორგი ბრწყინვალის სამართალში (მ. 2), ხელმწიფის კარის გარიგებაში (§ 10) და ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის ბერძნულ სამართალში (მმ. 2, 77, 383 და სხვ.).

წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970.

ლიტ.: დოლიძე ი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957; მისივე, ძველი აღმოსავლეთის სამართალი, თბ., 1960.

მ. კეკელია