გაპონოვი ბორის პანტელეიმონის ძე

გაპონოვი ბორის (დოვ) პანტელეიმონის ძე (20. II. 1934, ქ. ევპატორია, ყირიმის ოლქი, – 25. VII. 1972, ქ. რამათგანი, ისრაელი), ებრაელი პოეტი, მთარგმნელი. ისრაელის ეროვნ. აკად. ნამდვ. წევრი. რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989, სიკვდილის შემდეგ). 1941-იდან გაპონოვების ოჯახი ცხოვრობდა გალში, მცირე ხნით – გურჯაანის რ-ნის სოფ. ველისციხეში, 1946-იდან კი დასახლდა ქუთაისში. 1953 გ-მა დაამთავრა ქუთ. მე-9 საშ. სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა მოსკ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში. 1955 ქუთაისში დაბრუნდა. 1971-იდან ცხოვრობდა ისრაელში. შეისწავლა რამდენიმე აღმოსავლური და ევრ. ენა. დამოუკიდებლად დაეუფლა ქართ. ენას. წერდა მოთხრობებს, ლექსებს. ვეფხისტყაოსნის თარგმნით მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. შეისწავლა და გააანალიზა რუსთაველის წინამორბედი კულტურა, გაეცნო ძირითად რუსთველოლოგიურ შრომებს. ქართული და ებრაული ენის სტიქიის შესაგრძნობად ღრმად შეისწავლა როგორც ბიბლიის ორიგინალი, ისე ქართ. თარგმანი. 1969 აზიის ხალხთა ინ-ტის ლენინგრ. ფილიალში წაიკითხა მოხსენება „ბიბლიური მოტივები რუსთაველის შემოქმედებაში“ (გამოქვეყნდა 1979, „მაცნე“. ენისა და ლიტ-რის სერია, № 2, გვ. 174–180).

ვეფხისტყაოსნის თარგმნა გ-მა 1966 ნოემბერში დაასრულა. პოემის გაპონოვისეული თარგმანი აღინიშნა როგორც მოვლენა, რ-საც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ებრაულის პოეტური და ენობრივი სტრუქტურის დახვეწისათვის. პოეტური ტალანტი, ენობრივი ალღო, ვირტუოზობამდე ასული მხატვრული ოსტატობა, სიტყვისადმი ჭეშმარიტად რუსთველური დამოკიდებულება, რუსთველური დაუფლება ენის სტიქიისა, მშობლიური პოეზიის ამომწურავი ცოდნა ამ თარგმანს დედნის კონგენიალურს ხდის (ზ. კიკნაძე). თარგმანს შენარჩუნებული აქვს დედნისეული ტექსტის შინაარსობრივ-აზრობრივი და მხატვრულ-გამომსახველობითი სიდიადე (ნ. ბაბალიკაშვილი). უცხოეთში მიმდინარეობს გაპონოვისეული თარგმანის მეცნ. შესწავლა სხვადასხვა ასპექტით.

თარგმანი გამოვიდა 1969 (მერხავია–თელ–ავივი). ამ გამოცემისათვის საგანგებოდ დამზადებული ქაღალდის შეყვითლებული, ეტრატს მიმსგავსებული ფერი მამუკა თავაქარაშვილისეულ ნახატებთან ერთად გამოცემას 800 წლის ხელნაწერის ელფერს ანიჭებს.

ვეფხისტყაოსნის თარგმნისათვის გ. ისრაელის ორი ეროვნული პრემიით – 1969 შ. ჩერნიხოვსკის, ხოლო 1971 პრეზიდენტის სახ. პრემიით დაჯილდოვდა.

თარგმ.: შოთა რუსთაველი, 'ოტე 'ორ ჰანამერ (ა. შლონსკის რედაქციითა და ა. ბარამიძის ბოლოსიტყვაობით), მერხავია–თელ-ავივი, 1969.

ლიტ.: გაგულაშვილი ი., მადლი სიყვარულისა, ქუთ., 1985.

ნ. ბაბალიკაშვილი

ი. გაგულაშვილი