გარგარი

გარგარი (Armeniaca), ხეხილოვანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგზე. მოსავლიანობა ყოველწლიურად 8–12 ტ 1 ჰა-ზე. საქართველოში გ-ს კურკოვან კულტურათა ნარგაობის 2% უკავია. გავრცელებულია უმთავრესად კახეთსა და ქვემო ქართლში. დას. საქართველოში ჭარბი ტენის გამო ნაკლებად ხარობს. ჩვენში დარაიონებული ჯიშებია: შალახი, შირაზული აღჯანაბადი, ალიპრიალა. გ-ის დაავადებებია: კლასტეროსპორიოზი, ბაქტერიული კიბო, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებლები – ცხვირგრძელები და პეწიანები.

ვ. ჭიპაშვილი