გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში. (ქვემო ქართლის რეგიონი). სამხრ-ით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ჩრდ-ით – მცხეთის მუნიციპ. და თბილისის მერიის ტერიტ., აღმ-ით – საგარეჯოს, დას-ით – თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპ-ები. ფართ. 1212,2 კმ². მოსახლ. 81,9 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. გარდაბანი. მუნიციპ-ში არის 1 ქალაქი, 8 სათავო სოფელი, 40 სოფელი, 10 თემი: ახალსოფლის, გამარჯვების, თელეთის, კალინინოს, კრწანისის, კუმისის, ლემშვენიერას, მარტყოფის, ნორიოს, სართიჭალის.

ისტორიული ცნობა. ისტ. წარსულში ახლანდ. გ. მ-ის აღმ. მხარე კუთხის შემადგენლობაში შედიოდა, დას. – ქვემო ქართლის ანუ გარდაბნის საერისთავოში. გვიანდ. შუა საუკუნეებში ეს ტერიტ. ქართლის სამეფოს პირველ სადროშოსა (მეწინავე სადროშო, ქვემო ქართლი) და კახეთის სამეფოს მემარცხენე სადროშოს შორის იყო განაწილებული. XIX ს. დასაწყისში, მას შემდეგ, რაც რუს. იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა, 1802 ახლანდ. გ. მ-ის ტერიტ. დას. ნაწილი ლორის მაზრა|ლორის მაზრის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო ჩრდ.-აღმ. – თელავის მაზრაში. XIX ს. II ნახევარში ახლანდ. გ. მ-ის ტერიტ. თბილისის მაზრა|თბილისის მაზრის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1930 შევიდა თბილ. რ-ნში, 1938 გამოიყო ყარაიის რ-ნის სახელწოდებით, 1948–57 ეწოდა გარდაბნის რ-ნი, 1958–62 – სამგორის რ-ნი, 1963-იდან – გარდაბნის რ-ნი 2013-იდან – გ. მ.

ბუნება. გ. მ-ის ჩრდ. და ჩრდ.-დას. ნაწილი უჭირავს მთებს, სამხრ. და სამხრ.-აღმ. – ვაკეებსა და ზეგანს. ჩრდ. ნაწილში მდებარეობს მეოტურ-პონტური ასაკის კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებითა და ქვიშებით აგებული იალნოს ქედი (იალნოს მთა, 1881 მ), დას-ით და ჩრდ.-დას-ით – პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური დანალექი ქანებით (თიხები, ქვიშაქვები) აგებული კოჯორ-საყარაულოს, მთაწმინდის, თაბორის, თელეთის ქედები და მათ შორის მოქცეული ხეობები. მთავარი მწვერვალებია სანიშნო (1499 მ) და უძო (1419 მ). იალნოს ქედის სამხრ. კალთის გასწვრივ გადაჭიმულია ზედაეოცენურ-ქვედამიოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით აგებული სამგორის ტალღობრივი ვაკე, რ-იც აღმ-ით ერწყმის ივრის ზეგანს, სამხრ.-აღმ-ით – გარდაბნის ვაკეს. ზეგანზე მონოკლინური სერები და მათ შორის მოქცეული გასწვრივი ვაკე-ტაფობები ჭარბობს. გარდაბნის ვაკე ალუვიურ-დელუვიური ნალექებით აგებული ტერასული ვაკეა. მტკვრის მარჯვ. მხარეს მდებარეობს კუმისის ქვაბული.

უმთავრესი წიაღისეულია ნავთობი (სამგორი, ნორიო, მარტყოფი). მოიპოვება გაჯის ნედლეული (ახალი სამგორი). ბევრია საშენი მასალა: ანდეზიტ-ბაზალტები (თელეთის ქედი), ტუფოგენური ქვიშაქვები (წავკისისწყლის ხეობა), კერამ. თიხა და სხვ.

მუნიციპ-ში ძირითადად ზომიერად მშრალი სუბტროპ. ჰავაა, კერძოდ, ვაკის დაბალ ნაწილში ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული, უფრო მაღლა – ზომიერად თბილი სტეპის ჰავიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი; მთაში კი ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 13-იდან (ვაკეზე) 5–6 °C-მდეა (მთაში), იანვ. საშ. ტემპ-რა, შესაბამისად, 0,3-იდან –5ºC-მდე, ივლ. 25-იდან 10–11°C-მდე; აბსოლ. მინ. –25°C (ვაკეზე), –27ºC (მთაში), აბსოლ. მაქს., შესაბამისად, 40–41°C და 30–32 °C. ნალექები 420-იდან (კუმისი) 900–1000 მმ-მდეა (იალნოს ქედი) წელიწადში, მაქს. მაისშია, მინ. – იანვარში. ხშირია სეტყვა.

გ. მ-ის მთავარი მდინარე მტკვარი მუნიციპ-ის ტერიტორიაზე დაახლ. 34 კმ-ზე მიედინება. მისი შენაკადებია მარჯვ. – ვერე და წავკისისწყალი (ლეღვთახევი), მარცხ. – ლოჭინისხევი. ამ მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა – ზამთარში. პერიოდულ მდინარეთა შორის მთავარია ორხევი, ნავთისხევი, ხევძმარა, რ-ებიც წყლიანი ხშირი წვიმების დროსაა. მტკვრის მარჯვ. მხარეს არის კუმისის ტბა, მარცხ. მხარეს – ჯანდარის ტბა. გაყვანილია სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური, გარდაბნის (მარინეს), თელეთის, ფონიჭალის სარწყავი არხები და მათი განშტოებები.

ტერასულ ვაკეებზე წაბლა ნიადაგი ჭარბობს, ზეგანზე – კორდიან-სულფატური (გაჯიანი). მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს აგრეთვე შავმიწებს. მთისწინეთში ტყის ყავისფერი და მდელოს ყავისფერი ნიადაგებია, რ-თაც ზემოთ სხვადასხვა სახის ტყის ყომრალი ნიადაგი ენაცვლება. ქედების თხემები და მწვერვალები მეორეულ მთის მდელოს ნიადაგს უჭირავს. არის აგრეთვე ალუვიური (ტერასებზე), ჭაობის (ტბებისპირა ზოლში) და მლაშობი (ნატბეურებზე) ნიადაგები.

მუნიციპ-ში 1600-ზე მეტი სახეობის მცენარეა. სამხრ. ნაწილის მშრალი უბნები მორწყვამდე ნახევარუდაბნო-მშრალი სტეპის ფორმაციებს ეჭირა. აქ იზრდება ავშანი, ჩარანი, ყარღანი, ხვარხვარა და სხვ. ფართოდაა გავრცელებული ეფემერები – ბოლქვიანი თივაქასრა და შვრიელა. დანარჩენ ნაწილზე გაბატონებულია ძირითადად მეორეული უროიანი და ვაციწვერიანი სტეპები. მთისწინეთში ჯაგეკლიანი სტეპები და მეჩხერი ტყეა, სადაც ხარობს ძეძვი, გრაკლა, შავჯაგა, კუნელი, ღვია, ქონდარა ნუში, ჯაგრცხილა, დაბუჩქული მუხა, კვრინჩხი და სხვ. ამჟამად ტყე ძირითადად ქედების შუა ფერდობებზეა შემორჩენილი, სადაც ჭარბობს მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი (ქვემოთ) და რცხილნარი (ზემოთ). ამათ გარდა იზრდება წიფელი, იფანი, ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, ბერყენა, აქა-იქ–ფიჭვი, ბოყვი და სხვ. მდ. მტკვრის ჭალებში შემორჩენილია ჭალის (ტუგაის) ტყე. ქედების თხემები უჭირავს ნაირბალახოვან მდელოებს, რ-ებიც სათიბ-საძოვრებადაა გამოყენებული. ტბებისპირა ზოლში გავრცელებულია ჭაობის მცენარეულობა.

ტყის ზონაში ბინადრობს ირემი, შველი, მგელი, მაჩვი, ტყის კატა, ციყვი, კურდღელი, ზღარბი და სხვ. სტეპებში – მელა, ველის თაგვი, მემინდვრიები, კურდღელი; ფრინველებიდან გავრცელებულია მინდვრის ბეღურა, წიწკანა, ოფოფი, კაკაბი, ხოხობი, ველის არწივი, ქორი, მიმინო; ქვეწარმავლებიდან – ხვლიკი, გველი, ჯოჯო, კუ. ტბებთან და წყალსაცავებთან ბევრია ბატი, იხვი და სხვ. მტკვარში იცის წვერა, ციმორი, ლოქო, შამაია, კობრი, ხრამული. კუმისისა და ჯანდარის ტბები მდიდარია თევზით.

ძირითადი ლანდშაფტები: 1. ნახევარუდაბნოს, მშრალი სტეპური (ვაკეებსა და ზეგნებზე); 2. ჯაგეკლიანი და მეჩხერტყიანი (მთისწინეთში); 3. მთა-ტყისა და მთა-მდელოს. ინტრაზონალური ლანდშაფტებია ჭალის (ტუგაის), ტყის (მტკვრის გასწვრივ), ჭაობებისა და მლაშობებისა (ტბებისპირა ზოლში).

მოსახლეობის უმეტესობა ქართველები და აზერბაიჯანელები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები რუსები, ბერძნები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 300–1000 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 67,5 კაცი 1 კმ²-ზე (2014). მუნიციპ-ის მთელი მოსახლ. დაახლ. 75% ცხოვრობს სოფლად.

მეურნეობა. სოფ. მეურნ. საგარეუბნო ხასიათისაა. მისი ძირითადი დანიშნულებაა თბილისის და რუსთავის მომარაგება სასურსათო პროდუქტებით. ამ დარგის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამგორის სარწყავი სისტემის აგებას, რის შედეგადაც მუნიციპ-ის მანამდე გამოუყენებელი მიწების დიდი ნაწილი ახ. დასახლებებით, ვენახებითა და ბაღ-ბოსტნებით დაიფარა. დიდ როლს თამაშობს აგრეთვე გასულ საუკუნეში განახლებული გარდაბნის არხი და რიგი (შედარებით პატარა) არხები. სოფ. მეურნ. მთავარი დარგებია მებოსტნეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა და მევენახეობა. მუნიციპ-ის ნათეს ფართობის ნახევარზე მეტი საკვებ კულტურებს უჭირავს. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული (ერთ-ერთი I ადგილი რესპუბლიკაში), კარტოფილი. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ვაზისა და ხეხილის ნარგავები. მუნიციპ-ში არის მეცხოველეობის კომპლექსები, მეფრინველეობის ფ-კები (მ. შ. წინუბნისა და გამარჯვების) და თევზის მეურნეობები.

მრეწვ. დარგებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგეტიკა. მუნიციპ-ის ტერიტორიაზე (გარდაბანში) მდებარეობს თბილ. სრესი (ამიერკავკასიაში უდიდესი). მნიშვნელოვანია აგრეთვე სამგორის ზემო მაგისტრ. არხის ვარდნილებზე აგებული საცხენისის, მარტყოფისა და თეთრახევის ჰესები, რ-ებიც ჩართულია საქართვ. ერთიან ენერგოსისტემაში. მუნიციპ-ში არის საშენი მასალის (გარდაბნის მუყაო - რუბეროიდის ქ-ნა, ფონიჭალის საშენ მასალათა კომბინატი), მსუბუქი (ტრიკოტაჟის ფ-კა გარდაბანში) და კვების (გარდაბნის საკონსერვო და რძის ქ-ნები, ვარკეთილის ღვინის ქ-ნა, დიდი ლილოს საკონსერვო ქ-ნა) მრეწვ. საწარმოები.

მუნიციპ-ის ტერიტორიაზე გადის 3 ელექტრიფიცირებული სარკინიგზო მაგისტრალი, საავტ. გზები, ნავთობსადენი და აირსადენი. საგარეუბნო სარკინიგზო და საავტ. გზებით ფართოდ სარგებლობს მუნიციპ-ის მოსახლ., რ-ის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისსა და რუსთავში მუშაობს.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპ-ში არის საჯარო, სასპორტო და სამუსიკო სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, სას.-სამ. ტექნიკუმი (თელეთის სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ტექნიკუმი), ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი (შინდისი), საკლუბო დაწესებულებები. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, მუნიციპ-ის ჩრდ.-დას. ნაწილში მდებარეობს ადგილ. მნიშვნელობის კურორტები: კოჯორი, კიკეთი, წავკისი.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპ-ის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: გლდანის, დიღმის, მაჩხანის, ზეგარდის, სამების (განახლებულია XVI ს-ში), ონადირის, წავკისის, ლისის, უძოს, შავნაბადას (შუა საუკ.) ეკლესიები; ვეჯინის ხევის, ზემო თელეთის, თხინვალის, მამკოდის (გვიანდ. შუა საუკ.) ხუროთმოძღვრული კომპლექსები; მარტყოფის, ბეთანიის, კაბენის მონასტრები; აგარანი (კოჯრის ციხე), თუშმალიშვილებისა და შინჯიკაშვილების კოშკები (XVIII ს.) მარტყოფი|მარტყოფში.

ვ. ჯაოშვილი

ქ. ჯაყელი

ზ. ცინცაძე