გიორგი IV დადიანი, ოდიშის (სამეგრელო) ფაქტობრივი გამგებელი XVIII ს. დასაწყისიდან 1714-მდე, კაცია ჩიქოვანის ძე. 1681 სალიპარტიანოს მფლობელი გახდა. ატარებდა ლიპარტიანის ტიტულს.
1684-იდან, როცა გიორგი III გურიელი (რ-იც 1681–83 იმერეთის მეფე იყო) როკითის ბრძოლაში დაიღუპა, გ. IV დ-მა ოდიშის მთავრად ლევან III დადიანის უკანონო შვილი ლევანი (იხ. ლევან IV დადიანი) დასვა და 1690-იდან სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი თვითონ გახდა.
გ. IV დ. დაუახლოვდა გიორგი-მალაქია აბაშიძეს, გააძევა ლევან IV დადიანი და დამოუკიდებლად შეუდგა სამთავროს მართვას. გ. IV დ-ის წინააღმდეგ გამოვიდა მამია III გურიელი, რ-საც ოსმ. სულთანმა დადიანობა და ოდიში უბოძა, მაგრამ იგი ოდიშში ვერ გაბატონდა. გ. IV დ-ის პოზიციები განსაკუთრებით გაძლიერდა 1701-იდან, როცა მან ცოლად შეირთო გიორგი-მალაქია აბაშიძის ასული თამარი.
1707 შემდეგ გ. IV დ-ს საკუთარი შვილები დაუპირისპირდნენ, იმერეთის მეფის დახმარებით მცირე ხნით მთავარი გახდა მისი ძე კაცია. კაციას გარდაცვალების (დაახლ. 1710) შემდეგ გ. IV დ-მა კვლავ დაიბრუნა დადიანობა. მან შეაჩერა აფხაზ ფეოდალთა შემოსევები, თუმცა ვერ მოახერხა ოდიშის ჩრდ.-დას. ნაწილის მთლიანად დაბრუნება. სამთავროს საზღვრები ღალიძგამდე გააფართოვა.
გ. IV დ-ის დროს ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შევიდა ლეჩხუმი.
ლიტ.: ბ ე რ ა ძ ე თ., ერთი საკითხი სამეგრელოს ისტორიული გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1964, [ტ.] 2; მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; ჩხატარაიშვილი ქ., საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ისტორიიდან (XVIII ს. პირველი მეოთხედი), კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972.
თ. ბერაძე