„გარიგება ჴელმწიფის კარისა“, ქართული სამართლის ისტორიის ძეგლი, მეფის ხელისუფლებისა და სამეფო კარის წესდებულება. შედგენილი უნდა იყოს XIV ს-ში (არის აგრეთვე მოსაზრება, რომ ძეგლი შედგენილია XIII ს. 90-იან წლებში დას. საქართველოს მეფის დავით რუსუდანის ძის კარზე – ი. ანთელავა). ჩვენამდე მოაღწია XVII ს. ერთადერთმა ხელნაწერმა, რ-იც ძალზე დაზიანებულია, ნახევარზე მეტი დაკარგულად ითვლება; ამასთან, ბევრი ცნობა თავის ადგილას არ არის მოხვედრილი. ძეგლი იპოვა და პირველად გამოსცა ე. თაყაიშვილმა (1920). 1965 იგი განმეორებით გამოსცა ი. დოლიძემ, ხოლო 1970 რუს. თარგმანითურთ – ი. სურგულაძემ. „ გ. ჴ. კ.“ უნიკალური ძეგლია. „ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფოს წესწყობილების, ისე კულტურული, ეკონომიური და ნივთიერი კულტურის ისტორიის შესასწავლად უაღრესი მნიშვნელობა აქვს“ (ი. ჯავახიშვილი). ძეგლში აღნუსხულია ვაზირთა (იხ. ვეზირი) და სხვა მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, აღწერილია ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი, აგრეთვე დიდი დღესასწაულების წესები. ძეგლის მიხედვით, მეფე ზებუნებრივი არსების ნიშნებით არის დაჯილდოებული; იგი ღვთის სწორია. ამის გამომხატველია სასახლეში მიღებული წეს-ჩვეულებები მეფის მორთვა-მოკაზმვისა, საპატიო პირთა მიღებისა და სხვ., რ-ებიც დაწვრილებითაა აღწერილი ძეგლში. მეფე უდგას სათავეში ყოველგვარ საეკლესიო და საერო საქმეს. „გარიგებაში“ წარმოდგენილი ეს გაღმერთება მეფისა ძლიერი მეფის ხელისუფლების იდეის გამოძახილია.
ძეგლის მიხედვით, დარბაზს იწვევდნენ „დიდის წესითა“ ან „უმცროსითა“: „დიდის წესითა“ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად (მაგ., მეფის ტახტზე ასვლა, ომის გამოცხადება, ზავის დადება, კანონის მიღება) ანდა დიდი საეკლ. დღესასწაულების დროს, უცხოელი სტუმრების აუდიენციისას და სხვ.; ხოლო „უმცროსითა წესითა“ – სავარაუდოა, სასწრაფო საკითხების მოსაგვარებლად.
ძეგლში მოცემულია მაშინდელი მთავრობის – სავაზიროს – მუშაობის განაწესი (იხ. სავეზირო). სახელმწიფოს მართვაში სავაზირო საუწყებო სისტემის შემოღებას ნიშნავდა და დარბაზის საწინააღმდეგოდ ხელს უწყობდა მეფის ხელისუფლების გაძლიერებას და მმართველობის ცენტრალიზაციას. ამ მხრივ იგი პროგრ. დაწესებულება იყო. ძეგლის მიხედვით, სავაზიროს სხდომა მტკიცედ იყო რეგლამენტირებული. როცა სავაზიროს მეფე ესწრებოდა, სხდომას თვით წარმართავდა; ჩვეულებრივ კი, სავაზიროს თავ-რე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო. ადგილისა და პატივის მიხედვით ვაზირები სხდომაზე ასეთი თანრიგით იყვნენ წარმოდგენილი: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. სხდომას ესწრებოდნენ სათათბირო ხმის უფლებით ამილახორი (ამირსპასალარის თანაშემწე) და ამირეჯიბი (მანდატურთუხუცესის თანაშემწე), აგრეთვე მწიგნობარი, რ-საც სავაზიროს დადგენილების დაწერა ევალებოდა.
ძეგლის მიხედვით, სახელმწიფოს მმართველობის თითოეულ უწყებას ჩამოყალიბებული სამოხელეო აპარატი ჰქონდა. ძეგლში წარმოდგენილია აგრეთვე ადგილ. მმართველობის ორგანოები, მეფის სამართლმსაჯულო დაწესებულება, ე. წ. სააჯო კარი, რ-ის თავ-რე იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, მოძღვართ-მოძღვრის ინ-ტი, რ-ის შესახებ არც ერთ სხვა წყაროს არ შემოუნახავს რაიმე ცნობა. „გ. ჴ. კ.“ იმ ეპოქისათვის მოწინავე იდეებს გადმოსცემს.
ლიტ.: ანთელავა ი., „ხელმწიფის კარის გარიგების“ დათარიღებისა და ავტორის შესახებ, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, № 4; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).
ი. სურგულაძე