გარისის ბრძოლა 1556

გარისის ბრძოლა 1556, ბრძოლა ქართველებსა და ყიზილბაშ დამპყრობლებს შორის ქვემო ქართლში, ისტ. სოფ. გარისთან. 1555 ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო დაინაწილეს. ქართლის მეფე ლუარსაბ I არ ცნობდა ამ ზავს და ბრძოლას განაგრძობდა – გაათავისუფლა თითქმის მთელი ქართლი. ირან. შაჰმა თამაზ I-მა ლუარსაბის წინააღმდეგ ბრძოლა განჯის ბეგლარბეგს–შაჰვერდი-სულთანს დაავალა. 1556 შაჰვერდი-სულთანი ქართლში შემოიჭრა. ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი ლუარსაბ I-ისა და მისი ვაჟის სიმონის მეთაურობით მტერს გარისის სანახებში შეეგება. ბრძოლას ლუარსაბ I-ის ხანდაზმულობის გამო სიმონი სარდლობდა. ქართველებმა მტრის ჭარბი ძალები სასტიკად დაამარცხეს. გაქცეული მტრის ერთ-ერთ ჯგუფთან შეტაკებაში დაიღუპა ლუარსაბ I.

წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, წგ.:ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.

დ. კაჭარავა