გარიტი ჟერარ

გარიტი (Garitte) ჟერარ (15. I. 1914, ლუვენის მახლობლად, ბელგია, – 27. VIII. 1990, იქვე), ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი, არმენოლოგი. ლუვენის უნ-ტის პროფესორი (1950-იდან), ბელგიის სამეფო აკად. წევრი, აღმოსავლეთმცოდნეობის ჟურნ. „მუზეონის“ („Muséon”) მთავარი რედაქტორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი ჟურნალისა „Revue des Etudes Géorgiennes et Caucasiennes”. 1950 ქართ. ხელნაწერთა შესასწავლად მიიწვიეს ვაშინგტონის კონგრესის ბ-კის ექსპედიციაში სინის მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში. აქ მან შეისწავლა მრავალი ქართ. ხელნაწერი, გადაიღო მიკროფილმები, აღწერა, თარგმნა ფრანგ. და ლათ. ენებზე და დაურთო კომენტარები. 1957 მეორედ გაემგზავრა სინის მთაზე. წიგნისათვის „X საუკუნის პალესტინურ-ქართული კალენდარი სინური № 34 ხელნაწერის მიხედვით“ (გამოიცა 1958) მიიღო ძვ. ქრისტ. ლიტ-რის ყველაზე დიდი მცოდნეებისთვის გათვალისწინებული ფრანკის პრემია, რ-იც გადასცა მეფე ბოდუენმა 1959. ამ მოვლენას გამოეხმაურა „ბედი ქართლისა. რევიუ დე კარტველოლოჟის“ („Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie”) დირექტორ-რედ. კალისტრატე სალია, რ-მაც ჟურნალის № 6–7-ში გამოაქვეყნა წერილი „ჟერარ გარიტი, ფრანკის პრემიის ლაურეატი“. 1966 გ. ჩამოვიდა საქართველოში რუსთაველის იუბილეში მონაწილეობის მისაღებად. გ-ს ეკუთვნის მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომები, მ. შ. „სინის მთის ქართულ ხელნაწერთა კატალოგი“, « „მოციქულთა საქმეთა“ ძველი ქართული რედაქცია ორი სინური ხელნაწერის მიხედვით», „სვიმეონ მესვეტის და წმინდა ეფრემის ცხოვრება“, „წმინდა მართას ცხოვრების ქართული ვერსია“, „ქართული ლიტერატურა და შუა საუკუნეების კულტურის ისტორია“ და სხვ. მანვე შეადგინა კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, ილია აბულაძის ნაშრომთა ბიბლიოგრაფიები, ჟურნ. „ბედი ქართლისა. რევიუ დე კარტველოლოჟიში“ გამოაქვეყნა წერილები „აკაკი შანიძე – ქართველოლოგთა მამამთავარი“ (1968, № 25), „ილია აბულაძის ხსოვნას“ (1969, № 26). გ. დიდად უწყობდა ხელს ქართ. მწერლობის გაცნობასა და პოპულარიზაციას ევროპაში. სისტემატურად აქვეყნებდა ქართ. სამეცნ. გამოცემების რეცენზიებსა და მიმოხილვებს. ჰყავდა მოწაფეები ქართველოლოგიის დარგში.

თხზ.: გარიტი ჟ., პალეოგრაფიული ექსპედიცია სინაზე, ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა, კადმოსი, თბ., 2017, №9 ერთი ქართული ხელნაწერის ბედი და უბედობა, ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, თბილისი, 2017. №25., Catalogue des manuscrits géorgiens littéraires du Mont Sinai „Corpus Scriptorum Christianorum Orientalium“, v. 165, Louvain, 1956, subs. 9; L áncienne version géorgienne des Actes d’Apôtres d áprés deux manuscripts du Sinai, Louvain, 1955 (Bibliothèque de Musén, 38); Le calendrier palestino-géorgien du Sinaiticus 34(X siècle), Brux., 1958 (Subsidia Hagiographica, 30).

ლიტ.: თურნავა ს., ჟერარ გარიტი, საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1978; გამყრელიძე ალ., ბელგიელი მეცნიერი „ბალავარიანის“ ერთი საკითხის შესახებ, წიგნში „წერილები“, თბ., 1982; თარხნიშვილი მ., ბატონ ჟერარ გარიტის ქართველოლოგიური ნაშრომების შესახებ, წერილები, თბ., 1994.

მ. შანიძე