გარიყულა

გარიყულა, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, ცხავერისწყლის (თეძმის მარჯვ. შენაკადი) შესართავის ახლოს, მდინარის ორივე ნაპირას. ზ. დ. 720 მ, კასპიდან 17 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 435 მცხ. (2014).

ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე გ-ის ადგილას აღნიშნული აქვს სოფ. ფავნისი. ფავნისს იხსენიებენ აგრეთვე თეძმის ხევის სოფლების ნუსხაშიც. ეს სახელწ. შერჩენილი აქვს წმ. გიორგის ეკლესიას (X ს.), რ-საც ფავნისის წმ. გიორგი ეწოდება. გვიანდ ფეოდ. ხანაში მტრის თარეშის გამო ფავნისი გაუკაცრიელდა და მხოლოდ XIX ს-ში დაიწყო ხელახალი დასახლება, ძირითადად მეზობელი სოფლების ხარჯზე, უკვე გ-ის სახელით.

გ-ში დგას ქართ. საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, XIX ს. „მარშლიანთ სასახლე“ – გიორგი სააკაძის შთამომავლის, მარშალ ალექსანდრე დავითის ძე თარხან-მოურავის სახლი. იგი წარმოადგენს ორსართულიან, გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხა ნაგებობას, რ-საც აღმ-ით ორსართულიანი მინაშენი აქვს. ნაგებია ძირითადად აგურით, დას. ფასადსა და საძირკველში გამოყენებულია რიყის ქვა. შენობის პირველ სართულზე საცხოვრებელ-საძინებელი ოთახები იყო განლაგებული, მეორეზე – დიდი დარბაზი, შუშაბანდიანი ლოჯია და სტუმართათვის განკუთვნილი პატარა ოთახები. ინტერიერი შემკული იყო მოხატულობით, ნაძერწი მორთულობით, მდიდრული აბრეშუმის შპალერით.

სასახლის ტერიტორიაზე იყო კარის ეკლესია, რ-ისგანაც შემორჩენილია მცირე ფრაგმენტი რელიეფური ჯვრის გამოსახულებით. ყორექვით ნაგები სასახლის აბანოები (XVI–XVII სს.) აგურით ამოყვანილი გუმბათებით იყო გადახურული.

1962 ძეგლი გადაეცა საქართვ. კულტ. სამინისტროს. 1965-იდან 1990-იანი წლების ბოლომდე მას თბილისის სამხატვრო აკადემია შეფობდა შეკეთება-გადაკეთების შედეგად მან დაკარგა პირვანდელი სახე. 2018–19 წლებში ჩატარდა სასახლის ინტერიერების ნაწილობრივი აღდგენა–რესტავრაცია.

ლიტ.: მგალობლიშვილი მ., მარჯანიშვილი გ., ზოგი რამ „მარშლიაანთ“ სასახლის შესახებ, «ძეგლის მეგობარი», 1987, № 3.

ქ. ნონიაშვილი

შ. საღარაძე