დოგმატი, რელიგიური (ბერძნ. dogma, ნათ. ბრ. dogmatos – აზრი, მოძღვრება, დადგენილება), უმაღლესი საეკლესიო ინსტანციების მიერ დამტკიცებული, უდავო ჭეშმარიტებად მიჩნეული სარწმუნოებრივი დებულება, რ-იც არ ექვემდებარება კრიტიკას.
დ-ების მიღების აუცილებლობა განპირობებულია კონკრეტული ისტ. ვითარებით. მაგ., ქრისტიანობაში, განსაკუთრებით IV ს-იდან, როდესაც იგი სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადდა, თავი იჩინა მწვალებლობამ და სექტანტობამ, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა ოფიც. მოძღვრებას. ამ გარემოებამ და სარწმუნოებაში მეტი გარკვეულობის შეტანის სურვილმა აიძულა „ეკლესიის მამები" მოეხდინათ ქრისტიანობის უმთავრესი დებულებების ფორმულირება, რ-საც დ. უწოდეს.
დ-ების სისტემა, გარდა ქრისტიანობისა, არსებობს აგრეთვე იუდაიზმში, ისლამში, ბუდიზმში და ა. შ. სიტყვა დ. ქრისტ. ეკლესიის ისეთი დადგენილების მნიშვნელობით, რ-საც უცილობელი ავტორიტეტი აქვს მისი თითოეული წევრისათვის, პირველად მოიხსენიება „საქმე წმიდათა მოციქულთაში". ქრისტიანობის ძირითადი დ-ები (ღმერთის მიერ სამყაროს შექმნისა, წმ. სამებისა, ღმერთკაც ქრისტესი, საიქიო ცხოვრებისა და ცოდვილთა მისაგებელისა) ჩამოყალიბდა პირველ შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (IV–VIII სს.).
მართლმადიდებლობაში დ-ების მიღება დამთავრდა 787, ხოლო კათოლიციზმში ახ. დ-ების (სალხინებელი და სხვ.) მიღება შემდგომშიც გრძელდებოდა. XVI ს-ში კათოლ. ეკლესიის ზოგიერთი დ. ეჭვქვეშ დააყენა რეფორმაციამ. ლუთერანობის დ-ები (აუგსბურგის რწმენის აღიარება) მიიღეს 1530, კალვინიზმისა – 1551, ანგლიკანობისა (ე. წ. აღსარების 39 მუხლი) – 1571. იუდაიზმში დ-ები (მაგ., ერთი ღმერთის – იაჰვეს – მარადიულობა, თალმუდისა და ძველი აღთქმის სიწმინდე, მესიის გამოცხადება და სხვ.)
ღვთისმეტყველებმა იუდაისტურ წმიდა წიგნებზე დაყრდნობით გამოიმუშავეს XI–XIII სს-ში, ისლამის დ-ები (მაგ., დ-ები ერთი ღმერთის – ალაჰის, წინასწარმეტყველებისა და მათი მეშვეობით ღვთის ნების გამოცხადებისა, მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის შესახებ) ღვთისმეტყველებმა ყურანზე დაყრდნობით ჩამოაყალიბეს IX–X სს-ში.
ბუდიზმის დ-ები (მაგ., გარდასახვის შესახებ და სხვ.) ლიტერატურულად გაფორმდა ჰინაიანაში ძვ. წ. I ს-თვის, მაჰაიანაში – ახ. წ. I ს-ში. ინდუიზმის დოგმატური საფუძვლები შეიქმნა ადრინდ. შუა საუკუნეებში ბუდისტების მუსლიმებთან ბრძოლის ფონზე, ამიტომ ზუსტად ფორმირებულ სისტემად ვერ ჩამოყალიბდა. დ-ების გამომუშავებისას ეკლესია ცდილობდა ხელი შეეშალა თავისი მოძღვრების საფუძვლის კრიტიკისათვის.
დ-ების უარმყოფელთ მკაცრად დევნიდნენ. XX ს. II ნახევარში, განსაკუთრებით ვატიკანის მეორე საეკლ. კრების (1962–65) შემდეგ, ქრისტ. ეკლესიებში შეიმჩნევა ტენდენცია, გადალახონ ურთიერთშორის არსებული დოგმატური წინააღმდეგობანი.
დიაკონი ზ. თევზაძე