გარიყული მარიამ ლუკას ასული

მ. გარიყული

გარიყული (ნამდვ. გვარი თათეიშვილი-რატიანისა) მარიამ ლუკას ასული [20. III (1. IV). 1883, სოფ. პატარა გუბი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 9. II. 1960, თბილისი], მწერალი. ადრევე გაიტაცა ხალხოსნურმა იდეებმა. 1900, ჯერ კიდევ მოსწვლე, შევიდა სცენისმოყვარეთა ავჭალის მუშათა თეატრში, შემდეგ გადავიდა ქუთ. თეატრში, სადაც ლ. მესხიშვილის სახელოვანი სკოლა გაიარა. პირველი მოთხრობა „ცხოვრების მსხვერპლი“ 1905 გამოაქვეყნა. გ-ის ნაწარმოებები ძირითადად ავტობიოგრ. ხასიათისაა, მაგრამ, ამავე დროს, ეხმაურება თავისი საუკუნის რთულ მოვლენებს; გარდამავალი, საკმაოდ ძნელი ეპოქის მწერალმა წარმოგვიდგინა ახ. თაობის ადამიანებიც, გზასაცდენილი თუ სწავლას მოწყურებული ყმაწვილკაცებიც, გაბოროტებული თავადაზნაურობაც, უიმედო და საზ-ბისგან განწირული ადამიანებიც. ზოგან გ. დოკუმენტურ სიზუსტეს აღწევს („ბორკილი“, „რევოლუციის ხმა სოფლად“, „დედა“, „ლიტერატურული პორტრეტები“), ზოგან – განზოგადებასაც („ჯაშუში“, „ახალი მასწავლებელი“, „სამაგიერო“, „ჩაწერილი ამბავი“) და მხატვრულ სიმაღლეებსაც („ყვავილების ქვეყანა“, „შემთხვევა“, „დურგალი მიხეილი“, „საიდუმლო“, „უსინათლო ალექსი“). რომანებში: „ანარეკლი“ (1933), „გარღვეული მიჯნა“ (1933–37, გამოქვეყნდა 1960), „ახალი განთიადი“ (1951) უკვე გამოჩნდა ავტორის ინტერესი თანადროულობისადმი, თუმცა ესკიზური და ფრაგმენტული სტილი თუ ვიწრო თემატური მიზანდასახულობა მაინც საგრძნობია მის ნაწარმოებებში.

საინტერესოა გ-ის „თეატრალური მოგონებები“, „ლიტერატურული პორტრეტები“, რაც შემდეგ დამუშავებულ „განვლილ გზაში“ (1918) გაერთიანდა. მას ეკუთვნის აგრეთვე ოცზე მეტი ნარკვევი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო და საყმაწვილო ლიტ-რაშიც; ჯერ კიდევ ჟურნ. „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“ აქვეყნებდა მოთხრობებს; ცალკე წიგნად გამოიცა „მამაცი ცქვიტა“ (1981).

თხზ.: თხზულებანი, ტ. 1–2, თბ., 1967–68.

ლიტ.: ხუხაშვილი გ., მარიამ გარიყული, „მნათობი“, 1960, №3.

ნ. ჩიხლაძე