გარნისის ბრძოლა 1225

გარნისის ბრძოლა 1225, ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის. მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხვარაზმის შაჰმა ჯალალედინმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ჯალალედინის მოწოდებას – დამდგარიყვნენ მისი დროშის ქვეშ, ქართველებმა უარით უპასუხეს. მაშინ ჯალალედინი დაიძრა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველთა ლაშქარი, რ-ის მთავარსარდლადაც რუსუდან მეფემ ათაბაგი მხარგრძელი ივანე|ივანე მხარგრძელი დანიშნა, მტერს სომხეთში, გარნისის მიდამოებში მიეგება (1225 აგვისტო). ჯალალედინის 150–200 ათ-მდე არმიას ქართველებმა მხოლოდ 60–70 ათ. კაცი დაუპირისპირეს.

ქართველთა ავანგარდს შეადგენდა მესხთა ლაშქარი შალვა და ივანე ახალციხელების სარდლობით. საქართველოს ლაშქარი გორაკზე იყო განლაგებული, მტრის ჯარს კი დაბლობი ეკავა. მის მარცხ. ფლანგს ქვეითი ლაშქარი შეადგენდა, მარჯვ. ფლანგზე მშვილდოსნები იდგნენ, ცენტრში კი – მძიმედ შეჭურვილი მხედრობა. ბრძოლა დაიწყო მტრის მარცხ. ფრთის შეტევით ქართველთა ავანგარდზე. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რ-შიც მალე მტრის მთავარი ძალებიც ჩაებნენ. ბრძოლის დროს თავი იჩინა ფეოდალურმა შუღლმა მხარგრძელებსა და თორელ-ახალციხელებს შორის: ივანე ათაბაგმა ჯარი არ მიაშველა ახალციხელთა სარდლობის ქვეშ მყოფ ქართველთა ავანგარდს. ძირითადი ძალების დახმარებას მოკლებული ქართველთა მცირერიცხოვანი ავანგარდი იძულებული გახდა უკან დაეხია. შალვა ახალციხელი მტერმა ტყვედ ჩაიგდო, მთებს შეხიზნული ივანე ახალციხელი კი კლდიდან მოსხლეტილმა ლოდმა მოკლა. ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ივანე ათაბაგმა გაქცევით დააღწია თავი დატყვევებას და ბიჯნისის ციხესიმაგრეს (სომხეთში) შეაფარა თავი. გარნისთან დამარცხების მიზეზი იყო სამეფო ხელისუფლების დასუსტება და ფეოდ. აშლილობა, მტრობა და მეტოქეობა დიდგვარიანებს შორის. ამ მარცხით დაიწყო საქართვ. პოლიტ. ძლიერების დაცემა.

წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962; ფარცვანია თ., ჯალალ ად-დინის მიერ საქართველოს დაპყრობის ისტორიიდან, «საისტორიო კრებული», 1976, [ტ.] 6; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

შ. ხანთაძე