გარსევანიშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე

 გარსევანიშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე [10 (22). X. 1864, გორი, – 20. III. 1936, იქვე], პედაგოგი, ხალხოსანი, მწერალი, საზ. მოღვაწე.

1876 შევიდა თბილ. ვაჟთა I გიმნაზიაში. 1888 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ქუთ. სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1892 მიიწვიეს თბილ. ქართ. გიმნაზიაში რუს. ენისა და ისტ. მასწავლებლად, აქ მან შემოიღო მუს. სწავლება (თვითონვე ასწავლიდა უფასოდ).

თბილისში მოაწყო საკვირაო სკოლა, რ-საც წლების მანძილზე სათავეში ედგა. 1897 გადაიყვანეს ქუთ. ქართ. გიმნაზიის დირექტორად. პარალელურად მოღვაწეობდა სახ. უნ-ტში (იარსება 1915-მდე), რ-ის გამგეობის თავ-რე და ლექტორი იყო. ამ უნ-ტმა რუს. სახ. უნ-ტების კონკურსში გაიმარჯვა და რუს. იმპერიაში II ადგილი და ფულადი პრემია დაიმსახურა.

1921-იდან გ. დაბრუნდა გორში, სადაც მუშაობდა პედ. ტექნიკუმში. ლიტ. მოღვაწეობა გიმნაზიაში სწავლის პერიოდიდან დაიწყო. ორიგინ. ნაწარმოებების გარდა აქვეყნებდა ქართვ. პოეტთა და მწერალთა ნაწარმოებების თარგმანებს რუს. ენაზე, ასევე თარგმნიდა რუსულიდან ქართულად. მასვე ეკუთვნის ნაშრომი პედ. ისტორიისა და თეორ. დარგში. სახელმძღვანელო რუს. ენის პრაქტ. შესწავლისათვის (V, VI და VII კლასებში).

თხზ.: უკრაინის მგოსანი ტარას შევჩენკო, ქუთ., 1912; სახალხო განათლება თანამედროვე იაპონიაში, თბ., 1923; საფრანგეთის მწერალი ქალი ჟორჟ სანდი, ტფ., 1927; Поэт Грузии Акакий Церетели, Кутаис, 1915.

ლიტ.: კიკნაძე ზ., ალექსანდრე გარსევანიშვილის პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1959; ცაიშვილი ს., ალექსანდრე გარსევანიშვილი, კრ: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, [ტ.] 1, თბ., 1953.

დ. გურგენიძე

ს. ხუციშვილი