გარსთა ზოგადი თეორია

გარსთა ზოგადი თეორია, მათემატიკური თეორია იმ უწყვეტი დრეკადი სხეულებისა (გარსებისა), რომელთა ორი განზომილება საგრძნობლად აღემატება მესამე განზომილებას. გარსთა თეორიის ძირითადი ამოცანაა იმ დეფორმაციებისა და ძაბვების შესწავლა, რ-ებიც გამოწვეულია დრეკად სხეულზე გარეშე ძალების მოქმედებით. თხელი გარსი ძლიერ გამძლე და მდგრადია, ამ თვისებათა გამო მას ფართოდ იყენებენ (იხ. გარსი ტექნიკაში). გარსების კლასიკური თეორია დასრულებული სახით შექმნა ინგლ. მეცნ. ა. ლიავმა გასული საუკუნის ბოლოს. მან არსებითად განაზოგადა მანამდე კარგად ცნობილი გერმ. მეცნ. გ. კირხჰოფის ფირფიტების თეორია. გარსთა თეორიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვეკუა ილია|ი. ვეკუამ, მუსხელიშვილი ნიკოლოზ|ნ. მუსხელიშვილმა, ო. ონიაშვილმა და სხვ. ი. ვეკუამ შექმნა გარსების დაზუსტებული თეორიის რამდენიმე ვარიანტი (იხ. ვეკუას მოდელი გარსთა თეორიისა). საყურადღებოა ქართველ მეცნიერთა შრომები, რ-ებიც მიეძღვნა გარსთა თეორიის მნიშვნელოვანი პრაქტ. ამოცანების ამოხსნის საკითხებს (დ. გორდეზიანი, თ. ვაშაყმაძე, მ. მიქელაძე, ვ. ჟღენტი და სხვ.).

ლიტ.: Векуа И. Н., Некоторые общие методы построения различных вариантов теории оболочек, М., 1982; Гольденвейзер А. Л., Теория упругих тонких оболочек, М., 1976; Математическая энциклопедия, М., 1982, т. 3, с. 1127–1128.

თ. მეუნარგია