გაფრინდაშვილი ვალერიან ივანეს ძე

გაფრინდაშვილი ვალერიან ივანეს ძე [21. XII. 1888 (2. I. 1889), ქუთაისი,– 31. I. 1941, თბილისი], პოეტი. დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია, შემდეგ – მოსკ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1914). იყო „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი ლიდერი, რედაქტორობდა ჟურნ. „მეოცნებე ნიამორებს“ (1919–24), წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართვ. მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექციას და გაზ. „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტ-რისა და ხელოვნ. განყ-ბას. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუს. ენაზეც. პირველი ქართ. ლექსი 1915 გამოაქვეყნა გაზ. „მეგობარში“. 1915–18 დაწერილი ლექსები გაერთიანდა პირველ კრებულში „დაისები“ (1919). ეს იყო ქართ. სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული, რ-შიც აირეკლა ის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები, რ-ებიც დამახასიათებელი იყო სიმბოლისტური მწერლობისათვის და სრულად გამოვლინდა გ-ის ამ პერიოდისათვის ნიშანდობლივ მხატვრულ სამყაროში. ლექსების ციკლებში „დაისები“, „ორეულები“, „ოფელიები“, „ამარსიფალი“ და სხვ. სამყარო დანახულია როგორც ლანდებითა და ორეულებით დასახლ. მისტიკური სანახაობა; ამ ფეერიულ გარემოში გვხვდებიან საკრალური ნიშნით აღბეჭდილი ისტ.-ლიტ. პერსონაჟები: ჰამლეტი, კალიოსტრო, ჰანიბალი, ოფელია და სხვ. ეს არის უფრო მისტიკური, ირეალური ხილვები, ვიდრე სამყაროს რეალურ-მხატვრული ასახვა. მოვლენები და სახეები გაბუნდოვნებულია, ერთიანად დაღდასმულია მარტოობის, მწუხარების, განწირულების განწყობით. გ-ის ასეთ მსოფლაღქმას, იმდროინდელ ფორმალისტურ მხატვრულ-ესთეტ. კრედოს ნათელს ჰფენს მისივე თეორ. წერილები – „ლირიკის ელიზიუმი“, „სახელების მაგია“, „სონეტის პრობლემა“ და სხვ. გ-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართ. პოეტური კულტ., განსაკუთრებით მეტაფორისტიკისა და ვერსიფიკაციის შემდგომ განვითარებაში, გამოუვალობის და უპერსპექტივობის მძაფრი გრძნობა გავლენას ახდენს მის პოეტურ ხელოვნებაზეც. კერძოდ, პოეტის მისიის გაგებაში იგი აშკარად დაუპირისპირდა კლასიკურ მწერლობას. პოეტს ცხოვრებისაგან განდგომილი ხელოვნების ბუნებრივ ხვედრად მიაჩნდა სიგიჟე, ავადმყოფობა და თვითმკვლელობა („ბოჰემის მონოლოგი“). 20-იანი წწ. დამდეგიდან გ-ის შემოქმედებაში დაიწყო „მიწასთან დაბრუნების“ ხანა. პოეტმა ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები („ისეთი ლექსი დავწერო მინდა“, 1926; „ფერო“ 1935); იგი მშრომელი ხალხის ისტ. ხვედრის, მამულის სულიერი აღორძინების, „სიმწიფის“ თანაზიარი გახდა („მებაღე“, 1929; „წიფობელა“, 1935; „ჩემი ქვეყანა“, 1935; „გმირულ ესპანეთს“, 1936 და სხვ.).

საგულისხმოა გ-ის წერილები რუსთაველზე, დ. გურამიშვილზე, ნ. ბარათაშვილზე; თარგმნა ე. პოტიეს, ი. ვ. გოეთეს, პ. ბ. შელის, ჰ. ჰაინეს, ვ. ჰიუგოს, ე. პოს, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ბრიუსოვის, ა. ბლოკის, ვ. მაიაკოვსკისა და სხვ. ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 ცალკე წიგნად გამოსცა ნ. ბარათაშვილის ლექსები.

თხზ.: ლექსები, ტ. 1, ტფ., 1926; რჩეული, თბ., 1956.

ლიტ.: ასათიანი ლ., რჩეული ნაწერები, ტ. 1, თბ., 1958; აფხაიძე შ., წერილები და მოგონებები, თბ., 1969; ჩხენკელი თ., წერილები, თბ., 1966; ავალიანი ლ., ვალერიან გაფრინდაშვილი, „პოეზიის მთრთოლვარე მონა, „ჩვენი მწერლობა“, 2009, №25(103); ბედიანიძე დ., ვალერიან გაფრინდაშვილი და ფოლკლორი, „კრიტერიუმი“, 2004, №10; გადილია ა., ქართველი სიმბოლისტები, თბ., 2006; ჯალიაშვილი მ., ვალერიან გაფრინდაშვილი, „ნობათი“, 1992, №1; ჯახველიძე მ., ვალერიან გაფრინდაშვილი და ევროპული ლიტერატურა, თბ., 2005.

გ. ასათიანი