აბრეშუმის დიდი გზა, ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რ-იც აკავშირებდა ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან.
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II ს-ში. ა. დ. გ. იწყებოდა სიანში ჩინეთი. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დას-კენ. ორივე გზა – პირველი ლობნორის ტბის ჩრდ-ით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრ-ით ქ. ხოტანისა და ქ.იარქენდის გავლით ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა სამხრ. კავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიონსა და რომს აღწევდა (იხ. ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზები). მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდ. ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.
ა. დ. გ-მ მნიშვნელობა დაკარგა XVII ს. მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.
XX ს. ბოლოს ამ გზამ კვლავ აღიდგინა მნიშვნელობა, როგორც უმოკლესმა საკომუნაციო საშუალებამ აღმ. აზიასა და ევროპას შორის და იგი მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოექცა. დაისახა გრანდიოზული გეგმები რკინიგზის, საავტ. და საზღვაო ტრასების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის, მთელი რიგი კომუნიკაციები უკვე მოქმედებს.
თბილისი კვლავ მოიხსენიება, როგორც ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი (იხ. აგრეთვე ევროპა-კავკასია, აზიის. სატრანსპორტო დერეფანი).
ლიტ.: აბესაძე ნ., მეაბრეშუმეობა საქართველოში, თბ., 1957; ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), ვ. გაბაშვილის რედ., თბ., 1957.
ვ. ჩოჩიევი