აგიაშვილი ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე (1. IX. 1903, სოფ. დიხაშხო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 27. XI. 1984, თბილისი), მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1968).
ქუთ. კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1926 – 29). 1925-იდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში („ახალგაზრდა კომუნისტი“, „სტალინელი“, „ჩვენი თაობა“, „მნათობი“), გამომცემლობა „მერანში“, იყო მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექციის ხელმძღვანელი; 1925-იდანვე აქვეყნებდა კორესპონდენციებს, ლიტ. წერილებსა და თარგმანებს. ა-მა თარგმნა ჯ. ლონდონის, ლ. ტოლსტოის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, მ. გორკის, ვ. მაიაკოვსკის, კ. ჩუკოვსკის ნაწარმოებები. მისი რედაქციითა და წინასიტყაობით გამოვიდა სერვანტესის „დონ კიხოტის“ ნ. ავალიშვილისეული თარგმანი (წგნ. I–II, 1951–53) და მისივე თარგმანი „პერსილესისა და სიგიზმუნდას ყარიბობა“ (გამოიცა 1986, ი. მაჩაბლის სახ. პრემია, 1987), ჟ. ჟ. რუსოს „ჟიული ანუ ახალი ელოიზა“ (1982); ავტორია ბიოგრ. რომანისა „სერვანტესის ცხოვრება“ (1941). დიდი პოპულარობით სარგებლობს ა-ის მოგონებათა წიგნი „ჭაბუკები დარჩნენ მარად“ (1961), რ-შიც წარმოსახულია II მსოფლიო ომში დაღუპულ ქართვ. მწერალთა ხანმოკლე ცხოვრებისა და შემოქმედების გზა. 1986 გამოქვეყნდა ა-ის მოგონებების მეორე წიგნი „პირად-პირადი“, რ-შიც დახატულია მისი თანამედროვე ქართვ. მოღვაწეების შესანიშნავი პორტრეტები.
რ. კვერენჩხილაძე