გუგუშვილი ალმასხან შოთას ძე

ა. შ. გუგუშვილი

გუგუშვილი ალმასხან შოთას ძე (7. X. 1937, თბილისი, – 10. XII. 2003, იქვე), ინჟინერ-ელექტრიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1991). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექ. ფაკ-ტი (1960). 1960–63 მუშაობდა თბილ. ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1967-იდან იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტი, 1977-იდან – ამავე კათედრის გამგე. გ-ის შრომები ეხება არაწრფივი სისტემების იდენტიფიკაციას, ოპტიმალური და ადაპტური მართვის თეორიას, გამოსახულების ციფრული დამუშავებისა და კომპიუტერული გრაფიკის აქტუალურ საკითხებს, ენერგეტიკის თეორიის გამოყენებას მართვის თეორიაში. 2001 მისი ხელმძღვანელობით საქართვ. მეცნ. აკადემიის ხელნაწერთა ინ-ტში ჩატარდა სამუშაოები ხელოვნური კლიმატის მართვის სისტემის შესაქმნელად. ავტორია მრავალი სამეცნ. და მეთოდ. ნაშრომისა (მ. შ. 4 მონოგრაფია და 8 სახელმძღვანელო); მიღებული აქვს 4 საავტორო მოწმობა. 2004 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (გარდაცვალების შემდეგ). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ.: ოპტიმალური და ადაპტური სისტემები, ტ. 1–3, თბ., 1997; მართვის თეორია. წრფივი და არაწრფივი სისტემები, წგ. 1–2, თბ., 1999; სინერგეტიკა, თბ., 2000; ოპტიმიზაციის მეთოდები, თბ., 2002; Принцип симметрии в идентификации нелинейных объектов управления, Тб., 1998.

შ. ნემსაძე