ამილახვარი დემეტრე, XVIII ს. 50–60-იანი წლები პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესი. გივი ამილახვრის ბიძაშვილი და თანამებრძოლი, ალექსანდრე ამილახვრის მამა.
ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე ბანაკის ერთ-ერთი მეთაური. თავდაპირველად თეიმურაზ II და ერეკლე II ანგარიშს უწევდნენ ა-ს და დაუმოყვრდნენ კიდეც; თეიმურაზ II-ის ასული ელისაბედი ცოლად შერთეს ა-ის ვაჟს გიორგის. ერეკლე II-მ დაარღვია ეს ქორწინება და ა. პოლიტ. ასპარეზს ჩამოაცილა.
1765 ა. მონაწილეობდა პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში, მეთაურობდა ე. წ. „მარკოზაშვილის დარბაზის“ მემარჯვენე ფრთას. შეთქმულების დამარცხების შემდეგ სახელმწიფო დარბაზმა ერეკლე II-ის თხოვნით საჯაროდ გაასამართლა პაატა ბატონიშვილის თანამოაზრენი, ა-ს ჩამოართვა მამულები, ქონება და „სახალხო შერცხვენით“ დასაჯა. ფიზ. სასჯელისაგან დაინდეს ავადმოყოფობის გამო.
გარდაიცვალა XVIII ს. 80-იან წლებში.
ლიტ.: [კარაბელაშვილი] ცხვილოელი პ., მეფე ერეკლე და დემეტრე ამილახვარი, «მოამბე», 1896, № 1, განყ. 2.
ლ. ტუხაშვილი