გაჩეჩილაძე გივი რაჟდენის ძე

გაჩეჩილაძე გივი რაჟდენის ძე (5. VIII. 1914, თბილისი, – 9. II. 1974, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1936), 1942–62 იყო თსუ-ის დოცენტი, 1962-იდან ხელმძღვანელობდა თსუ-ის ინგლ. ფილოლოგიის კათედრას. 1933-იდან დაიწყო მთარგმნელობითი მოღვაწეობა. თარგმნა შექსპირის სონეტები და დრამები: „აურზაური არაფრის გამო“, „ორი ვერონელი“, „მეფე ჯობი“, „რიჩარდ II“, „ჰენრი V“ და სხვ., აგრეთვე ინგლ. ხალხ. ბალადები, ჯ. გ. ბაირონის, პ. ბ. შელის, ჯ. კიტსის, რ. ბერნსის, ჰ. ლონგფელოს, ი. ვ. გოეთეს, ვ. ჰიუგოს, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, თ. ტიუტჩევის, ა. ბლოკის, ვ. ბრიუსოვის, ვ. მაიაკოვსკის, მ. ბაჟანისა და სხვათა ნაწარმოებები. მისი რედაქტორობით გამოვიდა შექსპირის თხზულებათა ექვსტომეული (1953–64). გ. იკვლევდა უ. შექსპირის, ჯ. ბაირონის, ჯ. გოლზუორთისა და სხვათა შემოქმედებას, საზღვარგარეთული ლიტ-რის აქტუალურ პრობლემებს. აღსანიშნავია მისი ღვაწლი მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხების კვლევაში; შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები: „მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები“ (1959), „მხატვრული თარგმანის თეორიის შესავალი“ (1966), „მხატვრული თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობანი“ (1972; ამ ნაშრომისათვის გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია, 1983). ცალკე უნდა აღინიშნოს თხზ. „ქართული ლექსი ინგლისურთან შეპირისპირებით“ (1969). გ-მ 1960 თსუ-ში შემოიღო მხატვრული თარგმანის სპეციალიზაცია. გ-ის ნაშრომები თარგმნილია რამდენიმე უცხოურ ენაზე.

თხზ.: თარგმანები, თბ., 1960; მხატვრული თარგმანის თეორიის შესავალი, თბ., 1970; შექსპირიდან გოლზუორთიმდე, თბ., [1970]; Художественный перевод и литературные взаимосвязи, М., 1980; ნაცნობი თარგმანები. უცნობი ლირიკა, თბ., 2012; მარადიული ხმები, ინგლისურენოვანი და ევროპული პოეზიის თარგმანები, თბ., 2014; მხატვრული თარგმანის თეორიის შესავალი, თბ., 2014.

ლიტ.: გაჩეჩილაძე გ., მწერალთა ავტობიოგრაფიები, წგ.: 2, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბ., 2013.