გაჩეჩილაძე დავით ალექსის ძე

გაჩეჩილაძე დავით ალექსის ძე (19. XI. 1902, სოფ. ღორეშა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, –24. VIII. 1974, თბილისი), პოეტი, დრამატურგი. ქუთ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე. პირველი ლექსები 1919 გამოაქვეყნა ჟურნ. „წინსვლის ემბლემაში“. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტ. დაჯგუფების აქტ. წევრი იყო. ამავე წლების ბოლოს, ფორმალისტური ძიებების შემდეგ, მის პოეზიაში მომძლავრდა პატრ. თემა. პირველი კრებ. 1941 გამოაქვეყნა. რთული ასოციაციებითა და მოულოდნელი პოეტური სახეებით მდიდარ მის ლექსებში ჩანს დახვეწილი გემოვნების ხელოვანი. II მსოფლიო ომის პერიოდის პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული მისი ლექსი „ძახილი უკვდავებისა“, რ-შიც მაღალი პოეტური განსახიერება პოვა ოპტიმისტურმა რწმენამ. გ-ის დრამ. ნაწარმოებთაგან გამოირჩევა პიესები „ბახტრიონი“ (ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწ. პოემის მიხედვით) და „ამირანი“, რ-ებიც იდგმებოდა თბილ. რუსთაველის სახ. (1960, 1963) და კ. მარჯანიშვილის სახ. (1993) სახელმწ. თეატრებში. გ-მ თარგმნა სოფოკლეს, კალდერონის, მ. ლერმონტოვის, კ. ჩაპეკის, ნ. ჰიქმეთისა და სხვათა თხზულებები. აღსანიშნავია მისი საბავშვო წიგნები „უშიშროების ანბანი“ (1949), „ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“ (1957), „ბრიყვი მგელი“ (1964) და სხვ.

თხზ.: [ლექსები], თბ., 1967; მხოლოდ რჩეული, თბ., 1976.