გაჩეჩილაძე პოლიევქტ ლუკას ძე

გაჩეჩილაძე პოლიევქტ ლუკას ძე [26. VI (9. VII). 1914, სოფ. ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპ-ი, – 2. IV. 1979, თბილისი], ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1953). გამოქვეყნებული აქვს წერილები ქართ. ენის დიალექტოლოგიის, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის დარგში. ამასთანავე ნაყოფიერად იკვლევდა ქართ. ენის სტრუქტურის საკითხებს და ამა თუ იმ ლექსიკური ერთეულის ეტიმოლოგიას. გ-ის შრომათაგან აღსანიშნავია „მებადურთა მისალმების ფორმულა ხანისწყლის ხეობაში“ (1946), „იმერული დიალექტის ხანურ-ზეგნური მეტყველება“ (1965), „ქართლურის სალექსიკონო მასალა“ (1970), „ქართული ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის ისტორიისათვის“ (1959), „ეტიმოლოგიური შენიშვნები (ცივი, ცივცივი, ციცინათელა)“ (1974), „უვის ზმნის ეტიმოლოგიისათვის“ (1974), „კუედ ფუძის სტრუქტურისათვის“ (1979) და სხვ. იგი მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ. 1–8, 1950–64) მომზადებაში (VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორია), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971).

თხზ.: იმერული დიალექტის სალექსიკონო მასალა, თბ., 1976.

ბ. ცხადაძე