გაჩეჩილაძე რუსუდან ვახტანგის ასული

გაჩეჩილაძე რუსუდან ვახტანგის ასული (დ. 22. VIII. 1936, თბილისი), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1979). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1957). ამავე წლიდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. გ. ძირითადად მუშაობს დაზგურ ქანდაკებაში, მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, ნათელი და ცხადი კომპოზიცია, ფსიქოლ. სიღრმე, პოეტურობა, შინაგანი დაძაბული რიტმი და დრამატიზმი. მოქანდაკე დიდი სიყვარულით ძერწავს მისთვის საყვარელ და ახლობელ ადამიანებს. ძირითადი ნამუშევრები: „შუშანა“ (1964, თაბაშირი, მხატვრის სახელოსნო), „მშვილდოსანი“ (1975, ბრინჯაო), „შირაქის ველი“ (კომპოზიცია, ბრინჯაო, ორივე საქართვ. კულტურის სამინისტრო), „ანეტა“ (1976, თაბაშირი, საქართვ. მხატვართა კავშირის პრიზი – წლის საუკეთესო ნამუშევარი), „მეხრე“ (1978, ბრინჯაო, წლის საუკეთესო ნამუშევარი, ორივე მხატვრის კუთვნილება), „გ. ხარანაული“ (1981, ბრინჯაო, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „იუზა“ (1985, თაბაშირი), „თათიას პორტრეტი“ (1986, თაბაშირი), დათოს პორტრეტი (1990, თაბაშირი, სამივე მხატვრის კუთვნილება) და სხვ.

ა. ჩხარტიშვილი