გაჩეჩილაძე სიმონ გიორგის ძე

გაჩეჩილაძე სიმონ გიორგის ძე [26. V (7. VI). 1898, სოფ. წევა, ახალანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 27. IX. 1980, თბილისი], ლიტერატურათმცოდნე, მწერალი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969).

აღიზარდა სასულიერო მოღვაწისა და პედაგოგის ოჯახში. ქუთ. კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1917) სწავლა განაგრძო თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე (დაამთავრა 1923). 1928-იდან ლექციებს კითხულობდა საქართვ. კომუნისტურ უნ-ტში, საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში, თსუ-ში, აგრეთვე თელავის, ცხინვალის, გორის პედ. ინ-ტებში. საქართვ. კომუნისტურ უნ-ტსა და გორის პედ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა ქართ. ენისა და ლიტ-რის კათედრებს. 1923–44 იყო ჟურნ. „ნიანგის“ რედაქტორის მოადგილე, პარალელურად თანამშრომლობდა ჟურნ. „ტარტაროზში“ (1929–45). 1914-იდან აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს. წერდა ფსევდონიმებით „სიმონ წეველი“, „მედუზა“ და სხვ. 1948 ცალკე წიგნად გამოსცა საბავშვო პოემა „რწყილი და ჭიანჭველა“. მისი ხანგრძლივი პედ. მოღვაწეობის შედეგი გამოჩნდა სახელმძღვანელოებსა და ნაშრომებში: „ლიტერატურის სახელმძღვანელო შრომის სკოლებისა და კოლმეურნეობების ახალგაზრდობის სკოლებისათვის“ (1931), „ქართული ენა და მხატვრული მეტყველება“ (1931), „სამუშაო წიგნი ლიტერატურაში“ (1932), „ლიტერატურული მემკვიდრეობა“ (1932), „ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლები“ (1942), „ლიტერატურის თეორიის“ სახელმძღვანელო (1948), „ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი“ (1955), „სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია“, (1962) და სხვ. გ-ის თეორ. ნაშრომებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდობის ეთიკურ-ესთეტ. და მეცნ. გემოვნების შემუშავებაში.