გაჩიანი

გაჩიანი, ქალაქი და მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში. ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია, თუმცა აკად. ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებით, იგი შესაძლოა დღევანდელი ქაჩაგანი გამოდგეს (მარნეულის მუნიციპ.), ისტ. ციხე გაგის მახლობლად. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) მიაჩნდა, რომ იგი მდ-ების მაშავერ-ქციის მარჯვ. ნაპირზე მდებარეობდა. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ქართველთა ლეგენდარულმა მამამთავარმა ქართლოსმა თავის ერთ-ერთ ძეს გაჩიოსს მისცა ქალაქი სამშვილდე და ქვემო ქართლის ნაწილი მდ. ვერიდან მოყოლებული აბოცის მთამდე. გაჩიოსს აუშენებია ქალაქი გ., რ-საც ძველად „სანადირო ქალაქიც“ ერქვა. გ-ის მხარე ანუ სამშვილდის საერისთავო ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანაპირო საერისთავო იყო. X ს. სომეხი ისტორიკოსი უხტანესი ქალაქ გ-ს ვრაცდაშტში („ქართველთა ველში“) ათავსებდა და იგი ცურტავის მერმინდელ სახელად მიაჩნდა.

დ. ბერძენიშვილი