გაცი

გაცი, ქართული წარმართული პანთეონის ღვთაება, ერთ-ერთი „ძუელი ღმერთი მამათა ჩუენთა“. ქართ. ისტ. ტრადიცია მას, გაიმთან ერთად, „არიან-ქართლიდან“ შემოტანილად თვლის. მეფე ფარნავაზის მიერ შექმნილი არმაზის კულტის სამეულის (არმაზი–გაცი–გაიმი) ერთ-ერთი არაძირითადი, მამაკაცი ღვთაება. გ-ის კერპი ოქროსი იყო და არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა, რაც გაიმთან შედარებით მის უპირატესობაზე მეტყველებს. არმაზის უზენაესობით შექმნილ ღვთაებათა სამეულში (შდრ. ღვთაებათა სამეულები ხეთურ-ხურიტულ სამყაროში: იშთარი–ნინათა–ქულითა; ტაროსი–ხაცი–ნამნი და სხვ.) მას უნდა ჰქონოდა, გაიმთან ერთად, არმაზის მცველი ან მსახური ღვთაების ფუნქცია. ამავე დროს იყო „ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელი“. გ-ის ეტიმოლოგია დაუდგენელია. გაუმართლებელია მისი გადაკეთება „გატად“ და ამ უკანასკნელის დაკავშირება მსგავსი ფონეტიკური შემადგენლობის მქონე სემიტურ ღვთაებასთან (ნ. მარი). უფრო სავარაუდებელია გ-ის დაკავშირება მცირეაზიულ (ხეთურ-ხურიტულ) სამყაროსთან (შდრ. „ხაცი“, ხეთური ტაროსის ღვთაების წყვილ მფარველ თუ მსახურ ღვთაებათაგან ერთ-ერთი, შესაძლოა, მარჯვნივ მდგომი; ხეთური „გაცი“ – რაღაც ჭურჭელი; ხეთური წყაროების ტოპონიმი „გაციურა“ და ა. შ.).

ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე   გ., ხეთურ-არმაზული ტრიადები, «მნათობი», 1985, № 7; М а р р   Н. Я., Боги языческой Грузии по древнегрузински источникам, «Кавказский вестник», 1902, кн. 25; М е л и к и ш в и л и   Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. გიორგაძე