გაწერელია აკაკი კონსტანტინეს ძე

გაწერელია აკაკი კონსტანტინეს ძე [9 (22). XII. 1909, ფოთი,–1. XII. 1994, თბილისი], ლიტერატურათმცოდნე, მწერალი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1955), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1932); 1934-იდან მუშაობდა სახელმწ. გამომცემლობებში, 1960–82 რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში, საქართვ. თეატრ. ინ-ტსა და თსუ-ში, 1957–94 ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთული ლიტ-რის კათედრას ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში. 1925-იდან აქვეყნებდა ლიტ. წერილებს. გ-ს ეკუთვნის მრავალი ფილოლ. გამოკვლევა, მათგან აღსანიშნავია მონოგრაფიები – „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1945), „გრიგოლ ორბელიანი“ (1957), „ვაჟა-ფშაველა“ (1961); გამოკვლევები ქართ. ლექსთწყობის საკითხებზე – „ნარკვევები ქართული პოეტიკიდან“ (1938), „ლიტერატურული წერილები“ (1947), ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული კლასიკური ლექსი“ (1953), მონოგრაფია „რუსთაველის პოეტიკის ზოგიერთი საკითხი“ (1972), აგრეთვე მრავალი ლიტ. ნარკვევი და ესე ქართველ და უცხოელ მწერლებსა და მოღვაწეებზე („წიგნები და ავტორები“, 1941).

გ. იყო თვალსაჩინო ტექსტოლოგი, საფუძვლიანი მეცნ. კომენტარებით გამოსცა პ. იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ (1936), გ. ორბელიანის „წერილების“ ორტომეული (1936–37), ნ. ბარათაშვილის თხზულებანი (1972), ა. დიუმას „კავკასია“ (1964) და სხვ. აქვეყნებდა მოთხრობებსა და ნოველებს: „ჩირჲურთი“ (1942), „იმამი ლოჟაში“ (1942), „ბოსკოს შეგირდი“ (1959), „სიკვდილი ბარათაშვილისა“ (1944), „შამილი, introductio“, „შამილი და მისი ნაიბი“ (1972), „ნოველები“ (1960, 1982), რჩეული თხზულებების ორტომეული (1961–62), რომანი-ეტიუდი „ფაიდას გამოცხადება“ (1977) და სხვ. სამეცნ. ნაშრომთაგან აღსანიშნავია აგრეთვე „პეტრე იბერიელის ბიოგრაფიის საკითხები“ (1969), «ისევ პეტრე იბერიელის „ცხოვრების“ ირგვლივ» (1971), „პოეტური გამოთქმების ისტორიული მოდიფიკაციის საკითხისათვის“ (1978), „ტოლსტოის მხატვრული მეთოდის შესავალი“ (1978), «პეტრე იბერიელის ასურული ცხოვრების“ ერთი წიგნის გამო», „ავგუსტინეს ჰიმნოგრაფიისა და ლექსთწყობის საკითხებზე“ (ორივე 1977), „ავგუსტინე და საქართველო“, «ვინ არის ავგუსტინესა და გურამიშვილის „სიძე?“» (1979), „დანტე და პრეისტორიული საქართველო“ (1970), ესეებიდან – „გერონტი ქიქოძე“ (1979), „დიდი მასწავლებელი“ (1980), „ნარკვევები, პორტრეტები, ლექსთმცოდნეობა“ (1988) და სხვ.

გ. ცნობილი იყო როგორც სტილისტ-ფსიქოლოგი და მხატვრული ანალიზის ოსტატი, რაც საგანგებოდ აღნიშნულია ქართ., რუს. და უცხოურ წყაროები.

გ-ს თხზულებანი თარგმნილია უცხოურ ენებზე.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

თხზ.: რჩეული ნაწერები, ტ. 1–3, თბ., 1962–81; ნოველები, თბ., 1960.

ლიტ.: ა ვ ა ლ ი ა ნ ი  ლ., ნოველები, წერილები, თბ., 1978; გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა   კ., რჩ. თხზულებანი, ტ. 7, თბ., 1965; თ ი თ მ ე რ ი ა   ჯ., პანორამა, თბ., 1986; ნ ა ტ რ ო შ ვ ი ლ ი   გ., ორი საუკუნის მიჯნაზე, თბ., 1963; ჭ ი ლ ა ი ა   ს., წინაპრები და მეგობრები, თბ., 1964; ღ ა ღ ა ნ ი ძ ე   მ., აკაკი გაწერელია, „არილი“, 2002, №1.

ჯ. თითმერია