ალპინიზმი (ფრანგ. alpinisme < ალპის მთების სახელიდან), მთამსვლელობა, მთასვლა, სპორტის სახეობა, ასვლა მთის მწვერვალებზე საგანგებო ტექნიკური და ტაქტიკური საშუალებებით; ა-ს იმთავითვე ორი – წმინდა სპორტ. და მეცნ.-გამოყენებითი მიმართულება მიეცა. ხშირად გულისხმობს სამთო და სამაღალმთო ტურიზმსაც. თანამედროვე ა-ის დასაბამად ითვლება 1786, როდესაც შვეიცარიელი გლეხი ჟ. ბალმა და ფრანგი ექიმი მ. პაკარი სპორტ. მიზნით ავიდნენ მონბლანზე (4807 მ). XVIII ს. II ნახევარშივე მყინვარწვერზე (ყაზბეგი, 5043 მ) ასულა ვინმე იოსებ მოხევე (თუმცა ეს ფაქტი შედარებით გვიან, 1935 გამოაშკარავდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მანამდე უცნობი ხელნაწერის შესწავლის შედეგად).
XIX ს. 60-იან წწ. – XX ს. დასაწყისში კავკასიონის მრავალი მწვერვალი დაიპყრეს ალპებში დახელოვნებულმა ინგლისელმა, გერმანელმა, ავსტრიელმა, შვეიცარიელმა და ფრანგმა ალპინისტებმა. მათ გამყოლებად, მეგზურებად და მზიდავებად ახლდნენ ადგილ. მკვიდრნი, რ-თაც კარგად იცოდნენ მთის პირობები და მთაში სიარულის ტექნიკა. ასეთები იყვნენ მურათბი კიბოლანი და მიტო არღვლიანი სვანეთში, კოტე ფიცხელაური და ლალა ხუციშვილი – ხევში, უფრო გვიან – ფოთელი პავლე (ბახვა) ფიფია, მთიან რაჭაში – გიო ლობჟანიძე, თუშეთში – გიგლა ჭინჭარაული და სხვ. ქართ. ა-ის დასაბამად ითვლება 1923 წ. მასობრივი ასვლა მყინვარწვერზე გ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით (მთ. მეგზური ი. კაზალიკაშვილი). ამ ისტ. ასვლაში მონაწილეობდნენ თსუ-ის მასწავლებლები და სტუდენტები. იმავე წლის 3 სექტ. მყინვარწვერზე ავიდა საქართვ. გეოფიზ. ობსერვატორიის პირველი სამეცნ. ექსპედიცია (ხელმძღვ. ა. დიდებულიძე). 1924 დაარსდა საქართვ. გეოგრ. საზ-ბა, სადაც ჩამოყალიბდა მთასვლელთა პირველი ორგანიზაცია – მთასვლა –მგზავროსნობის განყ-ბა 1925. ამ განყ-ბის ექსპედიცია გ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ავიდა კავკასიონის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე. 1936 საქართველოში დაარსდა ალპური კლუბი. ქართ. ა-ის სპორტ. მიღწევების დასაწყისად ითვალება 1934 ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეების, ი. კაზალიკაშვილისა და გ. ნიგურიანის ასვლა სამხრ. უშბაზე. 1937 სამხრ. უშბაზე სამხრ.-აღმ. ურთულესი კედელით პირველად ავიდნენ გაბრიელ (ხელმძღვ.), ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭ. ჩართოლანი და მ. გვარლიანი. ეს გზა დღესაც კლასიკურ მარშრუტად ითვლება და ,,გაბრიელ ხერგიანის გზა“ ეწოდება. 1940 ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკასიონის ქედის დიდი ტრავერსი წურუნგალიდან შოთა რუსთაველის მწვერვალამდე, 1950 – ივანე (კაკო) მარის ხელმძღვანელობით – შხელდა-უშბის მწვერვალების სარეკორდო ტრავერსი. 1949 შემოიღეს სსრკ ჩემპიონატი ა-ში; იგი მოიცავდა 3 კლასის ასვლებს: სასიმაღლოს, ტექნიკურსა და ტრავერსს; 1965 მას დაემატა სასიმაღლო-ტექ. ასვლაც, ხოლო ტრავერსების კლასი შეიცვალა კლდოვანი ასვლების კლასით. ქართვ. მთამსვლელებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ყველა კლასის ასვლაში; საერთაშ. აღიარება მოიპოვა მ. ხერგიანმა.
ა-ის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ალპინიადებმა. მომზადდა ათასობით ახალგაზრდა მთამსვლელი. II მსოფლიო ომში 2000-ზე მეტი ქართვ. მთამსვლელი მონაწილეობდა როგორც სამთო რაზმის ინსტრუქტორი, მეთაური და რიგითი მებრძოლი. მთამსვლელი ქალები (ალექსანდრა ჯაფარიძე, ნ. ცნობილაძე, ვ. ბელეცკაია, დ. გოზალიშვილი, ნ. ყირქესაშვილი) მონაწილეობდნენ ჯარის ნაწილების სამთო-სათხილამურო მომზადებაში. უმნიშვნელოვანესი იყო ექიმი მთამსვლელი ქალების, თ. გოთუას, დ. ცინცაძის, ც. ღლონტისა და სხვათა საქმიანობა ფრონტზე.
1954-იდან დაიწყო ქართული ა-ის აღმავლობა. ქართვ. მთამსვლელებმა ო. გიგინეიშვილის თაოსნობით განახორციელეს სასიმაღლო ასვლები პამირისა და ტიან-შანის მწვერვალებზე. მარქსისა და ენგელსის პიკებზე ასვლამ (1954) საფუძველი ჩაუყარა სსრკ ჩემპიონატებში სასიმაღლო-ტექ. კლასს. 1955 ი. კახიანმა (ხელმძღვ.), ლ. ახვლედიანმა, ჯ. მეძმარიაშვილმა, მ. ხერგიანმა დაიპყრეს ყოფ. სსრკ უმაღლესი მწვერვალი – კომუნიზმის პიკი (7495 მ) სრულიად ახალი გზით – გარმოს მყინვარიდან; ამ გზას შემდეგ „ქართველთა გზა“ უწოდეს. მალევე ზედიზედ დაიპყრეს როსიას (1955), მოსკოვისა (1956) და ლენინის (1958) პიკები. მოეწყო დარვაზის, ზულუმართისა და იმიერალაის ქედების ტრავერსი. დაიპყრეს გამარჯვების პიკი, რ-ის დას. მწვერვალს ვაჟა-ფშაველას სახელი უწოდეს. ქართვ. მთამსვლელთა დამსახურებაა, რომ პამირისა და ტიან-შანის მწვერვალებს დაერქვა გ. ნიკოლაძის, თსუ-ის, თეთნულდის მსხვერპლთა, თბილისის და სხვა სახელები. არაერთხელ ისახელეს თავი ქართვ. მთამსვლელმა ქალებმაც. პირველ ასვლებში მონაწილეობდნენ მ. ბეჟანიშვილი, ე. ლორთქიფანიძე, ა. ნიკოლაიშვილი, მ. ტყავაძე, ლ. ჩხეიძე და ა. ჯაფარიძე. 1952 უშბის ტრავერსში კაცებთან ერთად მონაწილეობდა მ. უთმელიძე.
თვალსაჩინო მიღწევებით აღინიშნა 1973–83 წლები სსრკ ჩემპიონატებში. 1989 ქართველი მთამსვლელების 12-კაციანმა ჯგუფმა ტიან-შანში დალაშქრა მწვ. ხან-თენგრი (6995 მ), 1991 ტიან-შანის. მწვ. პობედაზე ავიდნენ რ. გიუტაშვილი, თ. შარაშენიძე და ა. გიგანი. იმავე წელს სანქტ-პეტერბურგის მთამსვლელთა ექსპედიციაში მყოფმა რ. გიუტაშვილმა ამერ. ალპინისტ დ. მაზურთან ერთად დაიპყრო უმაღლესი მწვ. ევერესტი (ჯომოლუნგმა). 1992 ჰიმალაის მთიანეთში რუს. ექსპედიციის მონაწილე ორი ქართველი მთამსვლელი – გ. თორთლაძე და მ. ნემსიწვერიძე – ავიდა მწვ. შიშაბანგმაზე (8013 მ).
ა-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ა. გვალიამ, ლ. გოთუამ, ნ. კეცხოველმა, ლ. მარუაშვილმა, დ. ფურცელაძემ, დ. წერეთელმა, კ. ჯავრიშვილმა, კ. ასტახიშვილმა, ჯ. მეძმარიაშვილმა, გ. ქართველიშვილმა, შ. მირიანაშვილმა, ა. ნემსიწვერიძემ, დ. თარხნიშვილმა და სხვ. ი. ასლანიშვილს, ლ. ახვლედიანს, მ. გვარლიანს, გ. ზურებიანს, ი. კახიანს, ი. მარს, დ. ობოლაძეს, ჭ. ჩართოლანს, ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეებს, ბ. და მ. ხერგიანებს მინიჭებული აქვთ სსრკ სპორტის დამს. ოსტატის, ო. გიგინეიშვილსა და ი. ივანიშვილს – სსრკ დამს. მწვრთნელის წოდება. საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატის წოდება მინიჭებული აქვს 5 ქართველ მთამსვლელს: გ. აბაშიძეს, დ. დანგაძეს, შ. მირიანაშვილს, ა. და მ. ხერგიანებს. „თოვლის ჯიქის“ წოდება მოიპოვეს (ენიჭებოდათ ყოფ. სსრკ ოთხი შვიდიათასიანი მწვერვალის დაპყრობისათვის) ლ. ალიბეგაშვილმა (1973) პ. ჩოჩიამ (1985) რ. გიუტაშვილმა (1989) თ. ბაქანიძემ (1989) გ. გიგაურმა (1989) ა. გიგანმა (1989) ა. დოლიძემ (1989) თ. შარაშენიძემ (1993) ბ. გუჯაბიძემ (1997) ლ. სარქისოვმა (1997).
1999 ევერესტზე ერთდროულად ორი ქართული – ბ. ქაშაყაშვილისა და გ. თორთლაძის – ჯგუფი ავიდა . სხვადასხვა დროს ქართველმა ალპინისტებმა (ა. გიგანი, ბ. გუჯაბიძე, ი. უგულავა, გ. თორთლაძე, მ. ნემსიწვერიძე, გ. ოთარაშვილი, ლ. სარქისოვი, ბ. ქაშაყაშვილი, ა. ცინცაძე, მ. ციხესელი, მ. ხაბაზი) დალაშქრეს ლჰოცი (8516 მ); დჰაულაგირი (8167 მ); მანასლუ (8153 მ), გაშერბრუმი (8068 მ); შიშაპანგა (8013 მ). 2003 ჰიმალაებში ამადაბლამზე ავიდა ალპინისტი ქალი ს. თვარაძე. ლენინის (აბუ იბნ სინა 2006-იდან) პიკზე კი – ლ. ნოზაძე (2004). ეს იყო პირველი შვიდიათასიანი მწვერვალი, რ-იც ქართველმა ქალმა დალაშქრა.
ლიტ.: ასლანიშვილი ი., გიგინეიშვილი ო., ფურცელაძე დ., მთამსვლელობა საქართველოში (1923–1950), თბ., 1954; კავკასიონზე. კრებული, თბ., 1959; ჯავრიშვილი კ., მთები და ადამიანები, თბ., 1970.