გუდაბერტყა

გუდაბერტყა თიხის მინიატიურული ჭურჭელი ძვ. წ. III ათასწლეული გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

გუდაბერტყა - ც ი ხ ი ა გ ო რ ა, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი გორის აღმ-ით, 7 კმ-ზე, სოფ. სვენეთთან. გათხრა დაიწყო 1956-იდან (ხელმძღვ. – შ. ამირანაშვილი, ს. ნადიმაშვილი). განსაკუთრებით საყურადღებოა გ-ის უძველესი ფენები, რ-ებშიც მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ძვ. წ. III ათასწლეულში გ. იყო შიდა ქართლის დიდი სამოსახლო. გარს ერტყა ალიზის გალავანი, რ-ის შიგნით გაითხარა თიხის ფიგურულკერებიანი, კარკასული ტიპის მოხატული შენობები. ნამოსახლარის ცენტრ. ნაწილში აღმოჩნდა საზ. დანიშნულების შენობა და მარცვლეულის შესანახი ხაროები. მოპოვებულ მასალათა შორის აღსანიშნავია თიხის უძველესი საბეჭდავები რ-ებზეც ირმისა და ფრინველის სტილიზებული გამოსახულებებია ამოკვეთილი. ნამოსახლარის მახლობლად ადრინდ. ბრინჯაოს ხანის სამაროვანია, რ-ის ცენტრში გორასამარხი იყო. გ-ის ზედა ფენები ადრინდ. რკინის ხანით თარიღდება.

ლიტ.: ნ ა დ ი მ ა შ ვ ი ლ ი ს., გუდაბერტყა - ციხიაგორა, «ლიახვი», 1963, №3; Ч у б и н и ш в и л и Т. Н., К древней истории Южного Кавказа, [т. ] 1, Тб., 1971.

ი. გაგოშიძე