ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ერთ-ერთი სახეობის დაცული ტერიტორია. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკი კავკასიაში.
შეიქმნა 1995, ოფიციალურად გაიხსნა 2001. პარკის შექმნამდე ბორჯომისა და ხარაგაულის ნაკრძალები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა. ბ.-ხ. ე. პ-ის ადმინისტრაცია ასევე მართავს 4 სხვადასხვა კატეგორიის (ერთიანად 5) დაცულ ტერიტორიას, მათგან 2 აღკვეთილია. ესენია: ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი; გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი; ნეძვის აღკვეთილი; ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი. ბ.-ხ. ე. პ. მდებარეობს საქართვ. ცენტრ. ნაწილში და მცირე კავკასიონის მთების აღმ. ნაწილს მოიცავს. მისი საერთო ფართობია 107,649 ჰა, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები მოიცავს 6 (ბორჯომი ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი) მუნიციპალიტეტებს. ეროვნ. პარკი თბილისიდან 170 კმ არის დაშორებული, მისი ადმ. და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში.
ბორჯომის ნაკრძალის ისტორია XIX ს. 60-იან წლებში დაიწყო და რუსეთის საიმპერატორო ოჯახს უკავშირდება. 1862 ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დანიშნულ რუსეთის იმპერატორის ძმას, მ. რომანოვს იმდენად მოეწონა ბორჯომის ხეობა, რომ იქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 კი რუს. იმპ. ალექსანდრე II-ისგან მთელი ბორჯომის ხეობა მიიღო საჩუქრად. მ. რომანოვი ბუნების მოყვარული იყო, მან ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და იქ ხის ჭრისა და ნადირობის პირობები უკიდურესად გაამკაცრა. ამ ადგილას 1926 (ზოგიერთ წყაროებში – 1928) შეიქმნა აღკვეთილი „შავი ტყე“, მოგვიანებით კი – ნაკრძალი „დიდი ნახანძრალი“. აღნიშნული ორი ადგილის გამთლიანებით 1935 დაარსდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი . ბ.-ხ. ე. პ. (64756 ჰა) გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, ხელუხლებლადაა შემორჩენილი ტყის მასივები, ენდემური სახეობის ფლორა და ფაუნა. 2007-იდან პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN PARK-ის წევრია, რაც ველური ბუნების დაცვისა და ეკოტურიზმის გარანტია. ეროვნ. პარკში გაერთიანდა საქართვ. რამდენიმე ისტ. კუთხის განაპირა ტერიტორია. პარკი მდებარეობს თორის, იმერეთისა და სამცხის ტერიტორიაზე. მის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიული მრავალფეროვნებითაა გამოხატული, ეს კი ვიზიტორთა დიდ ინტერესს იწვევს.
გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი (36 ჰა., ზ. დ. 1600–2100 მ) მოიცავს ადიგენისა და ხულოს (მლაშისა და რიყეთის საკრებულოები) მუნიციპალიტეტების მდინარეების – ქობლიანისა და აჭარისწყლის ზემო შემდინარეთა აუზებს. იგი არის ტროპიკული და ზომიერი ჰავის მცენარეების, პლიოცენის პერიოდის განამარხებული ფლორის უნიკალური ადგილსამყოფელი; გოდერძის ნამარხი ტყე წარმოდგენილია გაშიშვლებული ნეოგენური ვულკანოგენური წყებების სახით, რ-იც შეიცავს ქვედაპლიოცენური ასაკის დიდძალ მცენარეულ ნაშთებს (პალმები, მაგნოლიები, დაფნები, მირიკასებურნი, საპინდუსისებრნი, მირტისებურნი, ტირიფისებურნი, არყი, რცხილა, წიფლისებრნი). მცენარეული ნაშთები გამოსახულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში მოქცეული ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებითა და ფოთლების ანაბეჭდებით. ობიექტის გარკვეული ნაწილი (გოდერძის უღელტეხილი, ხულოს მუნიციპალიტეტის სამხრ.-დას.) ალპური ზონაა.
ნეძვის აღკვეთილი (9212.5 ჰა) 2006 შეემატა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნ. პარკსა და ბორჯომის სახელმწ. ნაკრძალს. აღკვეთილი შეიქმნა წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების კონსერვაციის მიზნით. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი (20476 ჰა) მდებარეობს სამხრ. საქართველოში, შეიქმნა 1995 ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე არსებული მაღალმთის უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემის დაცვის მიზნით. ჯავახეთის ვულკანური წარმოშობის საშუალოდ 1800–2000 მ სიმაღლის ზეგანზე მრავალი დიდი თუ პატარა ზომის ტბა გვხვდება, მ. შ. ტაბაწყურის ტბაც. აღკვეთილი ხასიათდება მთელი ჯავახეთისთვის ტიპური მკაცრი და განუმეორებელი სილამაზით. აღკვეთილის სიახლოვეს, ცხრაწყაროს უღელტეხილთან გადის ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მაგისტრალი. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში მშრალი კონტინენტური ჰავაა საშ. წლიური ტემპ-რა – ყველაზე დაბალი.
ფლორა. აღკვეთილის ტერიტორიაზე, ნარიანის ველსა და ტაბაწყურის ტბის სანაპირო ზოლში განვითარებულია მრავალფეროვნი ჭაობის მცენარეულობა, რ-იც წარმოდგენილია ისლიანებით, ასევე ლისიანი, ლელიანი და შვიტიანი კომპლექსებით; ნარიანის ველზე გვხდება Carex juncella-ს დაჯგუფება, რ-იც კოლბოხოვან ჭაობებს განეკუთვნება. აღკვეთილის ტერიტორიაზე სივრცობრივად ყველაზე დიდი ფართობი მდელოს მცენარეულობას უკავია, რ-იც მთლიანად მეორეული წარმოშობისაა და ნაირგვარი მოდიფიკაციების სახითაა წარმოდგენილი. სტრუქტურულ-ფუნქციურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარმუჭიანი, ცხვრის წივანიანი, ძიგვიანი და მახრჩობელიანი მდელოს ტიპები. ასევე გავრცელებულია მთის სტეპები, დეკიანი და სუბალპური ტყეები (ფრაგმენტულად), სადაც ძირითადად ხარობს მაღალმთის მუხა, წიფელი და ლიტვინოვის არყი.
ფაუნა. ქცია-ტაბაწყურის ტბას ახასიათებს გარეულ ფრინველთა სიუხვე. ადრე ტაბაწყურის ტბა ადგილობრივი თევზის სახეობებით, მათ შორის ტბის კალმახით ყოფილა სავსე, მაგრამ უცხო სახეობის თევზების: კარასის, ევროპული ჭაფალას, კობრის და სხვათა ტბებში გაშვებამ, ადგილობრივი სახეობების გადაშენება ან მათი პოპულაციის შემცირება გამოიწვია. ჯავახეთის ზეგანი ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ მთავარ ტრასას წარმოადგენს. გადაფრენის პერიოდში ტაბაწყურის ტბა და მისი შემოგარენი ნაირგვარი მტაცებელი, წყლის თუ ჭაობის ფრინველით ივსება. ძუძუმწოვრებიდან მრავლადაა კურდღელი, მელა და მაჩვი, ვხვდებით მგელსაც, აგრეთვე პატარა მტაცებლებს (სინდიოფალა, კლდის კვერნა და ჭრელტყავა). აღკვეთილში საუკეთესო პირობებია ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის გასავითარებლად, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მხოლოდ ახლახან დაიწყო. ჯერჯერობით მხოლოდ სუსტადაა განვითარებული არქეოლოგიური, სამანქანო-სათავგადასავლო და ეკოლოგიური ტურები. სასტუმროებისა და რესტორნების შესახებაც ინფორმაციის მოპოვება სამოგზაურო სახელმძღვანელოებში და ტურისტული სააგენტოების მეშვეობით არის შესაძლებელი.
ფლორისტული თვალსაზრისით ბ.-ხ. ე. პ-ის ჩრდ. (ხარაგაულის ნაწილი) კოლხეთის ბოტანიკურ-გეოგრაფიულ პროვინციას მიეკუთვნება, ხოლო სამხრეთული (ბორჯომის ნაწილი) ამ პროვინციას უშუალოდ ესაზღვრება. მისი ტყის სარტყლის ქვედა საფეხურზე (ზ. დ. 500 მ-იდან 900–1100 მ-მდე) გავრცელებულია შერეულფოთლოვანი ტყეები (უმთავრესად – წაბლი, წიფელი, რცხილა, ცაცხვი, კოლხური მუხა და იფანი). ტყის სარტყლის შუა საფეხურზე (ზ. დ. 1000 მ-იდან 1600 მ-მდე) გავრცელებულ წიფლნარებს, ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით. შიგადაშიგ გვხვდება რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. ტყის სარტყლის ზედა საფეხურზე გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, აგრეთვე შერეული ფოთლოვან-წიწვოვანი კორომები. ამ ტყეებში კოლხური ქვეტყე შედარებით მეჩხერია. სუბალპურ სარტყელში, ზ. დ. 1800 მ-იდან 2200 მ-მდე გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალბალახეულობა და მდელოები. ბ.-ხ. ე. პ-ის ბორჯომის ნაწილში, განსაკუთრებით მის აღმ. უბანში, მდინარეების – ბანისხევის, სამოთხისღელისა და ზანავის ხეობებში აღმ. საქართველოსათვის დამახასიათებელ მცენარეულობასთან ერთად გავრცელებულია ნამდვილი კოლხური ტყეებიც. ამ ხეობებში მცენარეულობის სტრუქტურა და განლაგება ზოგადად ასეთია: ზ. დ. 750–800 მ-დან 1300 მ-მდე გავრცელებულია წიფლნარი, ნაძვნარი და წიფლნარ-ნაძვნარი კოლხური ქვეტყით; სამხრეთ ფერდობებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია, რ-თა ქვეტყე აგრეთვე კოლხურია. მდ. ბანისხევის ხეობაში, ზ. დ. 1350–1400 მ-იდან 1750–1800 მ-მდე ფერდობები მეტწილად ნაძვნარითაა დაფარული, ზოგან სოჭის მცირე კორომებიცაა. არაკოლხურ დაჯგუფებათაგან ჩვეულებრივია ნაძვნარი და წიფლნარ-ნაძვნარი მთის წივანას, მაყვლის და ხავსების საფრით. პარკის ბორჯომის ნაწილის სუბალპურ სარტყელში, ზ. დ. 1800 მ ზემოთ, გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ¬ბალახეულობა და მდელოები. მდინარეების – ქვაბისხევის, ზორეთასწყლისა და ბაღების ღელის ხეობების მცენარეულობა სხვაგვარია. დას. საქართველოს ტენიანი კლიმატის გავლენა ამ ხეობებში უმნიშვნელოა. ზ. დ. 200 მ-იდან 1100 მ-მდე გავრცელებულია ქართ. მუხის ტყეები და მათი გაჩეხვის შემდგომი მეორეული მცენარეულობა. 1100 მ-იდან 1300–1350 მ-მდე სოსნოვსკის ფიჭვის ტყეებია გავრცელებული. სამხრეთულ ფერდობებზე ფიჭვთან ერთად ქართული მუხაც იზრდება. ჩრდილო ფერდობებზე ნაძვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი და რცხილნარი კორომებია. ზ. დ. 1250–1400 მ-იდან 1800 მ-მდე გავრცელებულია მხოლოდ წიწვოვანი ტყეები – ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი. სუბალპურ სარტყელში, 1800 მ-იდან 2000–2100 მ-მდე ძირითადად სუბალპური ფიჭვნარებია. იშვიათია ნაძვისა და მაღალმთის ბოკვის მცირე კორომები.
ეროვნ. პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია იშვიათი, ენდემური და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები: წაბლი, ჰარტვისის (კოლხური) მუხა და უთხოვარი, კავკასიური ხურმა, კოლხური ჯონჯოლი, უხრავი, შავი ღვია.
ფაუნა. ეროვნ. პარკი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფაუნით. აქ 64 სახეობის ძუძუმწოვარია აღრიცხული, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია, ხოლო 8 სახეობა საქართვ. „წითელ ნუსხაშია“ შესული. იშვიათი და გადაშენების წინაშე მყოფი სახეობებიდან შენარჩუნებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სახეობები და ქვესახეობები: კავკასიური კეთილშობილი ირემი (ამჟამად ეროვნ. პარკში 1220-მდე ირემი ბინადრობს), მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური არჩვი და სხვ. ენდემური სახეობებია კავკასიური სალამანდრა, კავკასიური ჯვარულა, აჭარული ხვლიკი, კავკასიური გველგესლა და სხვ.
დაცული ტერიტორიების ტყეში ასევე ბინადრობს გარეული ღორი, შველი, მგელი, ტყის კატა. პარკში აღრიცხულია ღამურების 20 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ ევროპული მაჩქათელა, გიგანტური მეღამურა, კავკასიური ციყვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, რამდენიმე სახეობის თაგვი, სპარსული და ჩვეულებრივი ციყვი. ყველგან გვხვდება მელა და კურდღელი. ბორჯომ-ხარაგაულის მდინარეების მკვიდრია წავის მცირერიცხოვანი პოპულაცია, პარკში 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართვ. „წითელს ნუსხაშია" შეტანილი (თეთრკუდა არწივი, სვავი, მთის არწივი, ქორცქვიტა, ველის კაკაჩა, კავკასიური როჭო). პარკის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია როჭო (Tetrao mlokosieviewiczi) და კასპიური შურთხი (Tetraogalus caucasica). ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რ-თაგან 3 დას. კავკასიის ენდემია და 2 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი, მ. შ., კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ. ვხვდებით კავკასიურ სალამანდრას. მთის მდინარეებში შენარჩუნებულია მდინარის კალმახის (Salmo fario trutta) მრავალრიცხოვანი პოპულაცია.
ეროვნ. პარკის შემოგარენი მდიდარია ისტ. ძეგლებით – ტიმოთესუბანი (XIII ს.) ნეძვი და ნუნისი (IX ს.), საკვირიკე (X ს.), ჩითახევის მწვანე მონასტერი (IX ს.), გოგიასა და პეტრას (IX ს.) და ვახანისა და ოქროს ციხეები. არქეოლ. ძეგლებიდან ვხვდებით ბრინჯაოს ხანის ციკლოპურ ნამოსახლარს სოფ. ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხებსა და ანტიკური ხანის კულტურულ ფენებს.
გეოლოგიურად ეროვნ. პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს. რაიონი ძირითადად აგებულია ე. წ. ბორჯომის ფლიშით (პალეოცენ–ქვედაეოცენური ნალექები: მერგელოვანი თიხები, მერგელები, კირქვიანი ქვიშაქვები და მერგელოვანი კირქვები), მის აგებულებაში მონაწილეობას იღებს აგრეთვე ოლიგოცენ–ნეოგენური ასაკის დანალექი და ვულკანურ დანალექი ფორმაციები. ვულკანური წარმონაქმნები ბაკურიანის, ციხისჯვრისა და გუჯარეთის ანდეზიტური შემადგენლობის ლავური ნაკადებით არის წარმოდგენილი. მთლიანად ლავური ნაკადითაა აგებული ბორჯომის პლატო. დაბა წაღვერის სიახლოვეს გუჯარეთის ლავური ნაკადი გაშიშვლებულია. მინერალური რესურსებიდან მნიშვნელოვანია ციხისჯვრის მჟავაგამძლე ანდეზიტის, ბანისხევის მარმარილოსებრი კირქვისა და ვაშლოვანის გაბრო-დიაბაზის საბადოები. ეროვნ. პარკის მიმდებარე ტერიტორია და განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობა მინერალური წყლების მხრივ მთელ მსოფლიოშია განთქმული.
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს აღმოჩენილია მდიდარი არქეოლოგიური მასალა _ პრეისტორიული ადამიანის სადგომები, უამრავი ობსიდიანის იარაღი. ჯავახეთში უხვადა პალეოლითის ძეგლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი, ბრინჯაოს ხანის და ადრეული რკინის ხანის ძეგლები, უძველესი ციკლოპური ციხეები. შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანები და სხვ. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიაც ჯავახეთთანაა დაკავშირებული. ლეგენდის თანახმად, კაბადოკიელი მისიონერი წმ. ნინო, სწორედ ამ მხრიდან შემოსულა საქართველოში. აღკვეთილის შემოგარენი მდიდარია ქრისტ. ძეგლებით. (ფოკა, განძა, კუმურდო, ვარძია, ხერთვისის და თმოგვის ციხეები, ზარზმისა და საფარის სამონასტრო კომპლექსები). ქცია-ტაბაწყური ასევე ესაზღვრება საქართვ. ისტ. კუთხეებს – თორსა და ქვემო ქართლს.
ეროვნ. პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ზ. დ. 400 მ-იდან 2,642 მ აღწევს. მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკების გასწვრივ განთავსებულია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნ. პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველოსპორტისა და სამთო-სათხილამურო, აგრეთვე კულტურულ და საგანმან. ტურებს სთავაზობს.
ხ. წიკლაური