გახოკიძე რამაზ აკაკის ძე

გახოკიძე რამაზ აკაკის ძე (დ. 17. V. 1945, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1985), საქართვ. მინისტრთა საბჭოსა (1985) და პ. მელიქიშვილის სახ. პრემიების ლაურეატი (1989). დაამთავრა თსუ (1967). 1971-იდან მუშაობს თსუ-ში. 1983 აქვე ჩამოაყალიბა ბიოორგ. ქიმ. ლაბორატორია, რ-საც თვითონვე ხელმძღვანელობს. 1991-იდან თსუ-ის ბიოორგ. ქიმ. კათედრის გამგეა, გ-მ შეისწავლა ოქსიკარბონილურ ნაერთთა და ნახშირწყლების მოლეკულური გადაჯგუფების ახ. ტიპის რეაქციები, დაამუშავა დეზოქსიშაქრებისა და სხვა ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სინთეზის ორიგინ. მეთოდები. წამოაყენა ახ. მოსაზრება ზოგიერთი ბუნებრივი ნაერთის ალტერნატიული ბიოსინთეზის შესახებ. გამოავლინა მცენარეთა და ცხოველთა ზრდის ახ. ტიპის სტიმულატორები და დაამუშავა მათი მიღების მეთოდები. ნახშირწყლებისგან მიიღო აზოტის, გოგირდის, სილიციუმის და კალის შემცველი ნაერთები.

თხზ.: ალექსანდრე ბოროდინი, თბ., 1978; გზა ხსნისა, თბ., 1991.