გეგელაშვილი შალვა ნოეს ძე

გეგელაშვილი შალვა ნოეს ძე (28. VIII. 1902, ქუთაისი, – 11. X. 1970, თბილისი), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). 1925 „სახკინმრეწვმა“ სასწავლებლად გაგზავნა გერმანიაში (ბერლინის ელექტროკინო – ტექნიკის ინ-ტში (დაამთავრა 1927), სადაც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმის გადაღებაში: „ქალბატონს არ სურს შვილები“ (1926), „უკანასკნელი ვალსი“ (1927) და სხვ. 1928-იდან მუშაობდა კინოოპერატორად „სახკინმრეწვში“,იყო დამდგმელი ოპერატორი ფილმებისა: „მიწის ძახილი“ (რეჟ. ს. დოლიძე, 1930), „ჯიმ შვანთე!“ (რეჟ. მ. კალატოზიშვილი, 1930,), „მარწუხების გარღვევა“ (1930), „ფოლადის გზა“ (რეჟ. გ. ლომიძე, 1931) და სხვ.

გ. ითვლებოდა ფერადი ფილმების ერთ-ერთ პირველ ოპერატორად ყოფ. საბჭოთა კავშირში. მის მიერ შემოთავაზებულ ხერხს – ფილმების გადაღებას ჰიდროტიპის საშუალებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფერადი ფილმების გადაღების ტექნიკის განვითარებაში. საქართველოში მან, როგორც ოპერატორმა, გადაიღო პირველი ქართ. ფერადი დოკუმენტური ფილმი „საქართველოს შავი ზღვის სანაპიროები“ (1946). სხვადასხვა წელს მუშაობდა „მოსფილმის“, „ლენფილმის“, დოკუმენტური ფილმების ცენტრ. სტუდიის, ტაშკენტის კინოსტუდიის ოპერატორად, სადაც გადაიღო ფილმები „ღია ცის ქვეშ“ (1964), „მოსკოვის ქუჩებში“ (1965) და სხვ.

ა. გვენცაძე

მ. კერესელიძე