გეგელია გიორგი დიმიტრის ძე

გეგელია გიორგი დიმიტრის ძე (26. VI. 1904, სოფ. ჭალადიდი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 7. II. 1972, თბილისი), ლიტერატორი, მთარგმნელი, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის აქტ. მონაწილე. დაამთავრა ფოთის გიმნაზია და შევიდა თსუ-ში. მეორე კურსიდან სასწავლებლად წავიდა უცხოეთში. ორი წელი სწავლობდა ბერლინში, შემდეგ პარიზში დაამთავრა სორბონის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1932) და იქვე არსებული კრიმინალისტიკის ინ-ტი. პარიზშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ შევიდა საფრ. არმიაში. როგორც ფრანგ., გერმ., რუს. ენების მცოდნე ჩარიცხეს უცხოელთა ლეგიონში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და საზრიანობისათვის სწრაფად დაწინაურდა, მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა სამხრ. საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურის მოადგილედ.

1944 აქტიურად ჩაება 1921 საფრანგეთში გატანილი საქართვ. ეროვნული განძის უკან დაბრუნებისათვის დაწყებულ საქმიანობაში. 1948 დაბრუნდა სამშობლოში. ჯერ უცხოეთთან კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბაში მუშაობდა, შემდეგ – თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის ფრანგ. ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობას: ფრანგულად თარგმნა კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“, ფრანგულიდან ქართულად – პ. მერიმეს „შარლ IX -ის მეფობის ეპოქის ქრონიკა“, რ. როლანის „კოლა ბრუნიონი“, „ბეთჰოვენის ცხოვრება“ და სხვ.

დაჯილდოებულია საფრ. ორდენებით: „საპატიო ლეგიონის კავალერის ჯვარი“, „სამხედრო ჯვარი ვერცხლის ვარსკვლავით“, „ცეცხლის ორდენი“, „სიმამაცის ნიშანი“.

შ. ცირეკიძე

გ. ბოკუჩავა