გეგელია ლილი ვლადიმერის ასული

გეგელია ლილი ვლადიმერის ასული (12. VIII. 1922, ქუთაისი, – 21. XI. 2000, თბილისი), საესტრადო მომღერალი. საქართვ. სახ. არტისტი (1989). 1939–41 სწავლობდა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტზე. 1942–47 საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის სოლისტი იყო. პარალელურად ვოკალურ ხელოვნებას ეუფლებოდა თბილ. სამუსიკო სასწავლებელში (პროფ. ნ. ბუზოღლისთან). 1956-იდან იყო საქართვ. რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის (ახლანდ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაცია) სოლისტი (რადიოს ფონდში ინახება მისი შესრულებით ჩაწერილი 200-ზე მეტი სიმღერა). 1956 მიწვეული იყო საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრ „რეროს“ (ხელმძღვ. კ. პევზნერი) სოლისტად. ამავე წლიდან საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტია. გ-ს ჰქონდა სასიამოვნო ტემბრის, ხავერდოვანი ხმა, შესრულების თავისებური, ორიგინ. მანერა. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან გამოირჩევა ლ. იაშვილის „ია, ია“, კ. პევზნერის „გამოდი“ და „როცა ფანრები ინთება“, ო. თევდორაძის „მოსკოვის ჩირაღდნები“, აგრეთვე ძველებური რუს. რომანსები და სხვ. გახმოვანებული აქვს სიმღერები ქართ. კინოფილმებში. ავტორია არაერთი საესტრადო სიმღერისა ესენია: „გელათი“, „ანანურის ექსპრომტი“, „უფლისციხესთან“, „მოდიოდა ნინო მთებით“, „ერთის პირობით“ (ა. კალანდაძის, მ. ლებანიძის, ჯ. ჩარკვიანის და სხვ. ლექსებზე). სხვადასხვა კოლექტივთან ერთად გამოდიოდა საზღვარგარეთ (ინგლისი, ბელგია, ჰოლანდია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, გერმანია და სხვ.). 1962 გახდა საკავშ. რადიოს სიმღერის ფესტივალის ლაურეატი.