გეგეშიძე გურამ შალვას ძე

გ. გეგეშიძე

გეგეშიძე გურამ შალვას ძე (21. VII. 1934, თბილისი, – 2. III. 2020, თბილისი), მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1957), საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის უმაღლესი სასცენარო კურსები. 1962-იდან მუშაობდა კინოკონცერნ „ქართული ფილმის“ სასცენო განყ-ბაში და მწერალთა შემოქმედებით გაერთიანებაში. საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის წევრი 1989-იდან. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ 1957 ჟურნ. „ცისკარში“ გამოაქვეყნა, მოთხრობების პირველი წიგნი „მზეა, თბილა“ – 1965. მას მოჰყვა მოთხრობების კრებულები: „სიშორე“ (1967), „მოთხრობები“ (1971), „აპრილი“ (1981), „ჟამი“ (1988), რომანები: „ცოდვილი“ (1968), „სტუმარი“ (1977), „ხმა მღაღადებლისა“ (1982, 1985). გ-ის შემოქმედების უმთავრესი ნიშანია პრობლემურობა. 50–60-იანი წწ. მოთხრობებში მისი ინტერესი ადამიანის ყოფიერების ფილოს. და ეთიკური აზრის („ეუ“, „უსახელო მწვერვალი“, „სიშორე“, „შურისძიება“), სიკვდილ-სიცოცხლის არსის („დაღამება“, „ოცნება“, „ნავსადგური“) მხატვრული გააზრებისაკენ არის მიმართული. „ეშმაკის მოსახვევში“ პირველად დაისვა ბედისწერასთან ადამიანის ეთიკური სფეროს მიმართების პრობლემა. რომანში „ცოდვილი“ ასახულია ადამიანის გონების სწრაფვა ბედისწერის საზღვრების შეცნობისაკენ. ბედისწერის განსხვავებულ გაგებას ვხვდებით „დევნილში“, „აპრილში“, ხოლო „ხმა მღაღადებლისაში“ იგი ეროვნ. ისტორიულ ხვედრში სახიერდება. რომანის სამი მამოძრავებელი ძალაა ბედისწერის იდეა, ზნეობრივი პრობლემა და ეროვნ. ამოცანა. გ-ის ისტ. მოთხრობებში („ჟამი“, „დიდება“) დაშრეტილი ეროვნ. ენერგიის აღდგენის პოტენცია და პათოსია გამოხატული. მას ეკუთვნის აგრეთვე ლიტ. და პუბლიც. წერილები. გ-ის რომანები და მოთხრობები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

თხზ.: სიტყვები, თბ., 2018; ექვსტომეული (1–6), თბ., 2017.

ლიტ.: გოგია ზ., გურამ გეგეშიძე წიგნში „რაზეც მიფიქრია“, თბ., 2014.

მ. კვაჭანტირაძე