გეგეშიძე იური არკადის ძე

გეგეშიძე იური არკადის ძე (17. VII. 1939, სოფ. პრომისლოვკა, შკოტოვოს რ-ნი, რუსეთი, – XII. 2005, თბილისი), სცენოგრაფი. საქართვ. დამს. მხატვარი (1983). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1967). 1973–75 იყო თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ., 1975–76 მოზარდ მაყურებელთა რუს. თეატრების მთავარი მხატვარი, 1976 – 86 – თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი, ვ. აბაშიძის სახ. მუს. თეატრის (1986–88), მოსკოვის კასკადიორების – ცხენოსანთა თეატრის (1988–90), თეატრ-სტუდია „ექოს“ (1991), თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. თეატრის (1992-იდან) მთავარი მხატვარი. გააფორმა სპექტაკლები: გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1973), ფ. შილერის „ორლეანელი ქალწული“ (1974) – მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; ნოვაცკის „ემილიანეს ბედნიერება“ (1976) – მოზარდ მაყურებელთა რუს. თეატრში; ს. ცინცაძის „სვანური ლეგენდა“ (1977), რ. გაბიჩვაძის „მედეა“ (1978), მ. რაველის „ბოლერო“ (1980), ვ. მოცარტის „დონ ჟუანი“ (1984), პ. ჩაიკოვსკის „გედის ტბა“ (1986) – ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში; რ. გაბრიაძის „ჩემი პატარა ქალაქი“ – კინომსახიობის თეატრში (1982); პ. ტრავერსის „მერი პოპინსი“ – რუსთაველის სახ. თეატრში (1986); ს. პროკოფიევის „კონკია“ (1980), პ. ჩაიკოვსკის „მოცარტიანა“ (1981), პ. გლაზუნოვის „ქალბატონი-მოახლე“ (1981) – პერმის პ. ჩაიკოვსკის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში; ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ – მაინინგენის (გერმანია) თეატრში (1983); ი. გოლიკოვის „ოქროს საწმისი“ – მოსკოვის კასკადიორთა თეატრში (1988); უ. შექსპირის „კორიოლანუსი“ – ალმა-ათის მ. აუეზოვის სახ. დრამ. თეატრში (1990); მ. ელიოზიშვილის „უზუნდარა“ – თეატრ-სტუდიაში „ექო“ (1991); ა. კუპრინის „ორმო“ – ა. გრიბოედოვის სახ. თეატრში (1992). გააფორმა კინოფილმები: „ბლიუზი“ (1983), „ორფევსი და ევრიდიკე“ (1992) და სხვ. გ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ხაზგასმული პირობითობა, ფერადოვანი სიმდიდრე, პირობითი ნახატის კონსტრუქციების სიმსუბუქე, დინამ. ცვალებადობა.

ქ. კინწურაშვილი